სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/312154051_5917346811629525_8337311356407946529_n_1.jpg

სპარტაკ ლაცაბიძის წიგნის - “მზის ამოსვლამდე“ პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სპარტაკ ლაცაბიძის ახალი ლექსების კრებულის - „მზის ამოსვლამდე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების წამყვანმა, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ მოკლედ მიმოიხილა პოეტის ცხოვრება და შემოქმედება და დამსწრე საზოგადოებას ავტორის რიგით მეორე ლექსების კრებული გააცნო.

იზა ვეფხვაძე - „წიგნის გამოცემა ჰგავს ოჯახში შვილის დაბადებას, რომელიც გაიზრდება და ჩვენი მეგობარი გახდება. ჩემო სპარტაკ გილოცავ ახალი წიგნის დაბადებას შენს ოჯახში, რომელიც არამარტო შენი მეგობარი, არამედ შენი შვილი და ჩვენი მეგობარიც იქნება. ერთია სხვა რას ფიქრობს შენზე და მეორეა თვითონ როგორ აფასებს საკუთარ თავს, ეს კარგად იკითხება მის სტრიქონებში:

„გეფაროს“ ჭილის კაცს თავზე თუნდაც,

არ უნდა გქონდეს გზა-კვალი მრუდი,

ჯერ თავი, თავი დაიდგა უნდა,

რომ ქუდი გახდეს ნამუსის ქუდი.“

ახალი წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და წარმატებები უსრვეს სპარტაკ ლაცაბიძეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, მოადგილეებმა დავით კიკნაძემ, პაატა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი - „ჯერ უნდა იყო კარგი ადამიანი და შემდეგ სხვა დანარჩენი. უპირველესად სპარტაკი არის კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი და თანაგუნდელი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა. მან თავისი შემოქმედებით აღიარება მოიპოვა და და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. მე კი წარმატებებს ვუსურვებ მას.“

როგორც სპარტაკ ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, პირველი ლექსი დიდი ხნის წინ დაწერა, ბევრს წვალობდა რომ გამოსვლოდა, ახლა კი ის აწვალებს, რომ არ დაწეროს. ავტორმა საკუთარი შემოქმედებიდან ახალი ლექსები წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის.

სპარტაკ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია მოლითის ადმოინისტრაციულ ერთეულში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

წიგნის რედაქტორია მურად მთვარელიძე, კომპიუტერული უზრუნველყოფა გააკეთა მაია ხარიბეგაშვილმა, ხოლო დიზაინი ჯაბა ფცქიალაძე. წიგნი დაიბეჭდა მერაბ ტალახაძის ხელშეწყობით.

 

ნანახია: 661 - ჯერ