დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები, ხარაგაულში მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სექტემბრის თვის საბოლოო მონაცემებით, 889 ადამიანი დასაქმდა.
ბენეფიციარებისთვის სამუშაოს მიმწოდებლები არიან ხარაგაულის სათნოების სახლი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, ბაღების გაერთიანება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და გაზეთი ,,ახალი ხარაგაული“.
ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს შესაბამის სამუშაო გარემოს სთავაზობს.
დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები საზოგადოებრივ სამუშაოებს ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
სათნოების სახლში ბენეფიციარები საკვების მომზადება, დაფასოებასა და მომსახურებაში ინაწილებენ პასუხისმგებლობებს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები შენობა-ნაგებობების, ეზოს მოვლა-დასუფთავების და აღმზრდელთათვის არაკვალიფიციური დამხმარის სტატუსით დასაქმდნენ.
ხარაგაულში დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ასევე მუშაობენ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში.
სწორედ მათ მიერ ხდება , სოფლებში ქაოტური ნაგავსაყრელების და სასაფლაოების ტერიტორიის დასუფთავება, არხების და გზების გაწმენდა.
საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge