სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/121069963_2904006069846547_6782377775106652201_n.jpg

ხარაგაულის 120 წლის თეატრი დავით კლდიაშვილის იუბილეს სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი“ აღნიშნავს

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, მწერალ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელებისათვის სპექტაკლს ,,დარისპანის გასაჭირი“ გამართავს.

,,გავა დრო და ნაწერებიდან მხოლოდ ის დარჩება, რომელიც ადამიანებისადმი სიყვარულით არის სავსე"-წერდა თავად მწერალი . მისი შემოქმედება  დღემდე ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორც საუკუნის წინ.

სპექტაკლი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ( რეჟისორი ირინე ჩხეიძე) 2015 წელს დადგა.

,,ხარაგაულის სახალხო თეატრმა ნამდვილად მოახერხა, ჩვენს თვალწინ, გაეცოცხლებინა ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეჟისორი თუ პროფესიონალია, კარგ დრამატურგიას არათუ უკვდავყოფს, ახლებურადაც წარმოაჩენს. ასევე ბევრი შეიძლება ითქვას მსახიობებზე, რომელთაც პერსონაჟთა ხასიათები ოსტატურად ჰქონდათ დამუშავებული, გათავისებული და წარმოჩენილი“- წერდა სპექტაკლის  შესახებ, თეატრმცოდნე, ნერონ აბულაძე.  

ირინე ჩხეიძე, სპექტაკლის რეჟისორი : ,,დღესაც არ კარგავს აქტუალობას დავით კლდიაშვილის უკვდავი პიესები,  ძნელია წარმოიდგინო ქართული თეატრალური და კინოხელოვნება დავით კლდიაშვილის უკვდავი პერსონაჟების გარეშე. ჩვენ თეატრი   მწერლის იუბილეს სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი” აღნიშნავს . ვიწვევთ ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელებს , მობრძანდით  ბავშვებო, პედაგოგებო, ერთად აღვნიშნოთ  დიდი მწერლის იუბილე“.

სპექტაკლი ხარაგაულის კინოთეატრში, 28 სექტემბერს, ოთხშაბათს , 15 საათზე დაიწყება.

ნანახია: 677 - ჯერ