სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/35527309_1789740037800013_5897486604217352192_n.jpg

როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე – მენტორი მასწავლებელი კიცხის საჯარო სკოლიდან

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ, სტატუსის  ამაღლების მსურველი  პედაგოგების  რაოდენობა  ყოველწლიურად  იზრდება. უნდა  აღინიშნოს ისიც, რომ ამ  მხრივ  ხარაგაული ერთ-ერთი  გამორჩეული მუნიციპალიტეტია,  სადაც  მასწავლებლები  ახალ  გამოწვევებს  არ  უშინდებიან  და  კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით არაერთ აქტივობას ახორციელებენ. ხარაგაულის  საჯარო  სკოლებში სერტიფიცირებული  პედაგოგების რაოდენობა  საკმაოდ  ბევრია,  როგორც  უფროსი, ასევე  წამყავანის  სტატუსის  მქონე.   რაც შეეხება  მენტორს,  ამ  სტატუსით   მხოლოდ   საღანძილის  საჯარო სკოლის  ისტორიის  პედაგოგი  ირმა  ყრუაშვილი  სარგებლობდა.  მიმდინარე  წელს  კი  კიდევ ორი მენტორი  პედაგოგი  შეგვემატება.   გამოცდაზე მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის განსაზღვრული ქულათა რაოდენობა მოიპოვა კიცხის  საჯარო  სკოლის  ისტორია-სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა  ელენე  მელქაძემ  და  ბორის  საჯარო  სკოლის  ქიმია-გეოგრაფიის  პედაგოგმა  ქეთევან  პავლაძემ.

გაზეთი ,,ახალი ხარაგაულის"  რესპონდენტი  ელენე  მელქაძეა, რომელიც  პედაგოგიურ საქმიანობას 1994 წლიდან ეწევა.  მას თავისი პროფესია  ძალიან  უყვარს.  არის  საკმაოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული  და  მაქსიმალურად  იხარჯება მოსწავლეთა  პიროვნული და შემოქმედებითი  განვითარებისთვის.  რატომ  აირჩია მასწავლებლობა  და როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე,  ამის  შესახებ ელენე  მელქაძე პირადად გვესაუბრება.

-ბავშვობიდანვე  ძალიან მომწონდა  ეს პროფესია  და  მსურდა, მეც  მასწავლებელი  გავმხდარიყავი.  სწორედ  ამან  განაპირობა ის,  რომ   სკოლის  დასრულების  შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში  ისტორიისა და სამართლის სპეციალობით  განვაგრძე.  როდესაც  უმაღლესი  დავამთავრე, მუშაობა  კიცხის საჯარო სკოლაში  დავიწყე. თავდაპირველად  ფრანგულ  ენას  ვასწავლიდი,  შემდეგ კი  პარალელურად  ისტორიასა და სამართალს.  ამჟამად  ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი  ვარ.  უკვე  28 წელია  სკოლაში  ვსაქმიანობ და ეს  გარემო  ჩემი  ცხოვრების განუყოფელი  ნაწილია. მოსწავლეების   გარეშე ვერც ერთი დღე, წუთი, წამი ვერ წარმომიდგენია.

-როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე?

-19  წლის  ვიყავი,  როდესაც ქალბატონი მზია კახნიაშვილის  რეკომენდაციით  სკოლაში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მოსწავლეებთან ისეთ მეთოდებსა და მიდგომებს ვიყენებდი, რომლებიც იმ დროისთვის უცხო იყო, დღეს კი ის თანამედროვედ ითვლება.

წლების განმავლობაში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაში ვიყავი ჩართული და ვცდილობდი, ყველა სიახლე სასწავლო პროცესში გადმომეტანა. გამეზიარებინა გამოცდილება კოლეგებისთვის და მათგანაც ბევრი მესწავლა. როდესაც სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, პირველივე წელს ჩავაბარე პროფესიული უნარებისა და ისტორიის გამოცდა. შემდეგ კი - სამოქალაქო განათლების. მიუხედავად  იმისა,  რომ  გეოგრაფიას  არ  ვასწავლი,  გასულ  წელს   ამ  საგნის  გამოცდაც  წარმატებით  ჩავაბარე. 

გარე დაკვირვებისა და სხვადასხვა აქტივობის შეფასებების შედეგად მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  მივედი მენტორი მასწავლებლის გამოცდამდე. სტატუსის ცვლილებისთვის ჯერ კიდევ მომიწევს შრომა. პრაქტიკული შეფასება უნდა გავიარო. ვფიქრობ, პროფესიის დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატება.

-რას ეტყოდით კოლეგებს?

-პირველ რიგში  ვულოცავ ყველა პედაგოგს გამოცდების  ჩაბარებას.  მათ  კი, რომლებსაც სტატუსის მოპოვება გეგმაში აქვთ, მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას ვთავაზობ. ვურჩევ, მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე  და  შედეგს  აუცილებლად  მიიღებენ. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და იამაყონ საკუთარი პროფესიით.  მიხარია,  რომ დღეს  მასწავლებლის  პროფესია  დაფასდა. იყო  ის  რთული  პერიოდიც, როდესაც საკმაოდ მიზერულ  ანაზღაურებაზე ვმუშაობდით და  თვეები  ველოდებოდით  ხელფასს.   ახლა კი  რადიკალურად განსხვავებული  მდგომარეობაა, რაც  მოტივაციას  გვიმაღლებს, უფრო  მეტად  დავიხარჯოთ  და კიდევ  მეტად წარმატებულები ვიყოთ.

-როგორია თქვენი სამომავლო  გეგმები

-ჩემი  სამომავლო  გეგმები  სკოლასა  და  მოსწავლეებს  უკავშირდება.   მაქსიმალურად  დავიხარჯები, რათა  ხარისხიანი  განათლება მივცე  ჩვენს  მომავალ  თაობას. მენტორის სტატუსი სასიხარულოა, თუმცა ამავდროულად  დიდი პასუხისმგებლობაცაა. მინდა, ამ  ახალ გამოწვევას  სათანადოდ  ვუპასუხო  და   საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის საინტერესო  გავხადო..

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს: მანანა სახვაძესა და რუსუდან ქველაძეს, რომლებმაც მომცეს ცოდნა და უნარები. მათი სწორი პედაგოგიური მიდგომებით  მივაღწიე წარმატებას.

მადლობელი ვარ კიცხის საჯარო სკოლის  მასწავლებლების, მოსწავლეების, რომლებიც უზარმაზარ სტიმულს მაძლევენ  და  მაძლიერებენ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს მხარდაჭერისა  და  თანადგომისათვის.

 

 

ნანახია: 963 - ჯერ