უკვე მეორე დღეა, დაბა ხარაგაულის და დიდვაკის მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
წყლის სატესტო გაშვება ამ ეტაპზე სტაბილურია და წყალი 24 საათიან რეჟიმში 1125 აბონენტს მიეწოდება.
კობა ლურსმანაშვილმა, დაბის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით , ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბა ხარაგაულში წყლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე დღეში განახლდებოდა.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, წყლის დებეტი საკმარისია, სასმელი წყალი სტაბილურად მიეწოდებათ აბონენტებს, შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია, და პროცესი დამაკმაყოფილებელია.
საღანძილეში მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში შიდა ქსელის სამუშაოებს პროექტის 2ეტაპის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.
სასმელ წყალს ხარაგაული ლეღვნის სათავე ნაგებობიდან იღებს.
წყლის სატესტო გაშვება რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ხარაგაული 24 საათიან წყალმომარაგებაზე ოფიციალურად გადავა.