სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0037.JPG

იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი ჟიურის მიერ ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2022“ დასრულდა.

ფესტივალის საზეიმო დახურვას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , მერის თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად ესწრებოდა.

ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სპექტაკლები და მსახიობები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა.

ნომინაციაში - საუკეთესო მსახიობი ქალი - ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრის მსახიობი, ირინე ჩხეიძე დასახელდა, სპექტაკლში ,,მაცეკვე ტანგო” შესრულებული როლისთვის.  

 საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი,  მამის  როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი.

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.

ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ნანახია: 643 - ჯერ