სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSasdC0013asd.jpg

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი.

იური ბუაჩიძე, რომელიც სოფელ ფარცხნალში ცხოვრობს, 96 წლისაა.

დღეს მერი, კობა ლურსმანაშვილი, მას  სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას 1000 ლარს მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, იური ბუაჩიძეს ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.

 კობა ლურსმანაშვილი:

,,მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თითოეული ადამიანის ღვაწლი ქვეყნის წინაშე. წლები მიდის და ხარაგაულში დღეს მხოლოდ ერთ ადამიანთან მოგვეცა მისვლის და მილოცვის შესაძლებლობა.  ბატონ იური ბუაჩიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მივანიჭეთ, ჩვენ ვეცადეთ სიყვარული და პატივისცემა მისთვის ამ ფორმითაც გამოგვეხატა.“

 იური ბუაჩიძე:

,, სადაც ვიყავი თუ ვმუშაობდი ყველგან სიყვარული დავტოვე, ვფიქრობ ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. მართალია, მალე 100 წელი შემისრულდება და ჯანი ძველებურად აღარ მომდევს, მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილი ყოფილა და მიხარია, რომ ვუყურებ ჩემ ოჯახს და შვილიშვილებს. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.დღეს ბევრი მისალოცი ზარი მივიღე.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.

 

ნანახია: 941 - ჯერ