სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/WhatsApp%20Image%202022-05-07%20at%206.48.08%20PM.jpeg

კობა ლურსმანაშვილმა აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრის, ხვიჩა მუმლაძის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს სოფელ სარგვეშში ხვიჩაობას აღნიშნავენ.

29 წლის წინ სოფელმა ეს დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის ხვიჩა მუმლაძის ხსოვნის პატივსაცემად დააწესა.

 დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  გმირულად დაღუპული მეომრის  ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა ლურსმანაშვილმა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და გმირის დედას, მზია მუმლაძეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,სამშობლოსათვის შეწირული გმირები ყოველთვის ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ისინი შეეწირნენ საქართველოს ძლიერებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების ხსოვნა მარადიულია."

ხვიჩა მუმლაძეს იხსენებს, მისი თანამებრძოლი და  ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის , იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე:

,,ხვიჩა მსახურობდა ქუთაისის ბრიგადის, 21 ბატალიონის პირველ ოცეულში მეთაურის მოადგილედ. 1992 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულში მტრის  დესანტთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. იყო კარგი მებრძოლი, ზედმეტ სახელად ,,რემბო“-ს ეძახდნენ. იყო ვაჟკაცი ბიჭი. ძალიან კარგი მეგობარი. ამდენი წელი გავიდა და ყოველ წელს ამოვდივართ მის საფლავზე, რომ პატივი მივაგოთ. ეს ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია“.

ხვიჩაობა სოფელ სარგვეშში მაისის პირველ შაბათს აღინიშნება.

 სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

ნანახია: 1088 - ჯერ