სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ekrnze_1.jpg

   ხარაგაულმა სამხატვრო-მუსიკალურ პლენერს ,,გამა“ წელს მეშვიდედ უმანსპინძლა

ცნობილი მხატვრები ფერწერული ტილოების შექმნაზე ხარაგაულის 12 სოფელში მუშაობდნენ. ბორითი ღორეშა, შროშა, საბე, ქროლი, ღარიხევი, კოზმანი , ხორითი , სარგვეში, სამება, ხევი, ხუნევი- ეს ის სოფლებია, რომელთა ბუნება და ხედები, ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოებზე აისახა.

 

პლენერის საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა.

კობა ლურსმანაშვილი:

 

"მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენი ასეთი დიდი სიყვარული ხარაგაულის და ხარაგაულელებისადმი  გვაძლიერებს. ამ სიხარულს და ბედნიერებას მადლიერების სახით ათასგზის გიბრუნებთ უკან. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ნამდვილად, თითოეული თქვენგანის მობრძანება ხარაგაულში არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა,"-ამბობს ხარაგაულის მერი.

 

ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა პლენერი „გამას“ მონაწილეები,  მხატვრები, ფოტოხელოვანები და მუსიკოსები   სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.

 

 

ღონისძიების მიმდინარეობისას ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, საჩხერე- ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან, ნანა ცხვედაძესთან ერთად, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა ქართველ ებრაელს, აკადემიკოსს პაატა იოსებაშვილს, და პლენერის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელს, ცნობილ საოპერო მომღერალს, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყეს, მამუკა ლომიძეს.

 

გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო პლენერის მუსიკალური ნაწილი. ხარაგაულის საზოგადოების წინაშე წარდგნენ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მამუკა ლომიძე, არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია, ბაია გრიგოლია, ელიზა ხარაძე, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, და პატარა ანა ჭუმბურიძე.

 

 

პლენერ „გამასთან“ დაკავშირებით თავიანთ შთაბეჭდილებებს და ემოციებს გვიზიარებენ პლენერ ,,გამას“ მონაწილეები. 

 

 

ნუგზარ თანარაშვილი.მხატვარი

ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით უკვე ტრადიციად ქცეული პლენერი სულ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ხარაგაულში გატარებული ეს ორი დღე არასოდეს დამავიწყდება. აქ ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. მადლობა ყველაფრისათვის..

 

ლელა ქართველი ( ემიგრანტი აშშ)

პროექტში მონაწილეობას დიდი სიხარულით დავთანხმდი. ქალბატონმა იზა ვეფხვაძის მოწვევით პროექტში მეორედ ჩავერთე. მე, ასევე პატივი მერგო ემიგრანტი მხატვრების კოორდინაციის. ისინი პროექტში დისტანციურად ღებულობდნენ მონწილეობას, მათი უმრავლესობა ამერიკაში იმყოფებოდა.

სამხატვრო პლენერის ორგანიზატორებმა  დიდი სიხარული გვაჩუქეს. მათი ინიციატივით  ემიგრანტების ნამუშევრებზე შესანიშნავი ვიდეო  გადაიღეს.  ვერ წარმოიდგენთ, ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, როგორი დიდი ბედნიერება მოგვანიჭეს. 

ჩვენო ხარაგაულო, მიიღეთ ჩვენგან უღრმესი მადლობა. ეს მემკვიდრეობა, თქვენ დიდი რეზო თაბუკაშვილისგან გერგოთ, რომლის უკვდავ სახელსაც საპატიოდ ატარებს ხარაგაულის ლიტერატურის თეატრი.

 

ნინო მერაბიშვილი (ემიგრანტი)

დასრულდა პლენერი და უკვე,მომავალ წელს მოუთმენლად ველოდები. სასიამოვნო ემოციებით და ბედნიერებით ვარ სავსე. არ ვიცი უკვე რამდენჯერ ვუყურე ვიდეოკლიპს, სადაც ემიგრანტი მხატვრების ნახატებია წარმოდგენილი. ეს ჩემთვის დიდი ემოციაა, მადლობა ამ საოცარი პროექტისთვის.

 

ხათუნა სონღულაშვილი (მხატვარი)

წელს პირველად გავხდი „პლენერ გამის“ მონაწილე. ჩემთვის ეს ორი დღე ,  ძალზედ ემოციური იყო.  კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ .  ღონისძიება  კარგად ორგანიზებული იყო . არ დამავიწყდება სოფელ ხუნევი და ჩემი თბილი მასპინძლები, ზაზა და ხათუნა.

 რა სითბოც ვიგრძენი, იმ სითბოთი გაჯერებული სურათი შევქმენი აბსტრაქციაში - სახელწოდებით “ ფლორა და ფაუნა“ . მეორე დღემ პლენერის საზეიმო დახურვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხარაგაულის თეატრის სცენა,  მოლბერტებზე ჩვენი სველი სურათები. მხატვრების წარდგინება. დაჯილდოება.

ხარაგაულის მუზეუმის მხრიდან ჩემი დაჯილდოება- მადლობა ნინო დიდიძეს. მაგრამ რომ არა ქალბატონი იზა ვეფხვაძე?!არც არაფერი არ იქნებოდა. ეს იყო ზე ემოციური საღამო . ეს იყო ნიჭიერების უმაღლეს რეესტრში გამოვლინება. საოცარი ზეიმი მოგვიწყო, თავი ძალზე ბედნიერად გვაგრძნობინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან , ძალიან დიდი ადამიანია .

 

ქეთი ჯავახიძე (მხატვარი)

"პლენერი გამა - საოცრად შთამბეჭდავი იყო ყოველმხრივ, ქართული ტრადიციებით  და იმერული სტუმარ-მასპინძლობით. სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. გამაკვირვა მასპინძლების სითბომ და ყურადღებამ . ამ ყველაფრის ფონზე, ხატვისას მხოლოდ სიყვარული იღვრებოდა. ნამდვილად საამაყო ქალბატონია იზა ვეფხვაძე, რომელმაც ეს შესანიშნავი პროექტი შექმნა.

პლენერ გამას იმ იმედით დავემშვიდობე, რომ ხარაგაულს მეორე წელსაც  ვეწვევი და  კვლავ მექნება ბედნიერება  იმერული კერიის სითბოს და ნიჭთა ზეიმს ვეზიარო.

 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მუზეუმს 28 ნახატი შემოემატა. უკვე წლებია თანამედროვე ცნობილი მხატვრები მოხალისეობრივი განწყობით ერთვებიან პროექტში და ფერწერულ ტილოებს ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლე იყო. ამჯერად ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდა.

 

"წელს პლენერში 26 მხატვარი 2 ფოტოხელოვანი მონაწილეობდა. დისტანციურად იყო ჩართული 15 მხატვარი. ეს არის პლენერი, რომელსაც არ აქვს კონკურსის სახე და არ გვყავს გამარჯვებული. ეს არის მხოლოდ იმ მხატვრებისთვის, ვისაც უყვარს საქართველოს ამერ-იმერი, ვისაც შეუძლია თავის მარჯვენა სიკეთეს მოახმაროს. ეს მათი მხრიდან, არა მარტო პროფესიული ოსტატობის გამოვლენა, არამედ მათ მიერ გაწეული ქველმოქმედებაც არის საქართველოს ერთი უმშვენიერესი მუნიციპალიტეტისთვის,"-ამბობს იზა ვეფხვაძე.

 

სამხატვრო- მუსიკალური პლენერი "გამა“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით გაიმართა.

 

 

 

ნანახია: 777 - ჯერ