სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/miron%20cminda.jpg

ხარაგაულში, სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ევროკავშირის მიერ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას  მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების მიხედვით სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან არსებული მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოხდება.

პროექტის ღირებულება 234,444  ათას ლარს შეადგენს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,, ვფიქრობ, სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული მიმართულებით. არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი  მოქმედი გახდეს.“

სოფელ მიროწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და  ფონდი ,,ქართუს" მიერ რეაბილიტირდა.

ხარაგაულის მერიის მიერ  2022 წელს სრიგპ-ს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებლად  იმერეთის სამხარეო საბჭოს სამი საპროექტო წინადადება წარუდგინა. მათგან დაფინანსება უკვე მიღებულია კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქციის მიზნით.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს სრიგპ-ს  პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 2 მასშტაბური პროექტი დაფინანსდა. სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და  დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა.

 

 

 

 

 

ნანახია: 1098 - ჯერ