სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Autism.jpg

ხარაგაულის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა პრიორიტეტია

 

უკვე ერთი წელია ხარაგაულის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ფუნქციონირებს.

გაწეულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებზე , განყოფილების ხელმძღვანელს, თეა ბერიძეს გავესაუბრეთ.

- ერთი წელია რაც ხარაგაულის მერიაში შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, თავდაპირველად ადმინისტრაციულ სამსახურში ვიყავით, ახლახან გადავედით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სოციალურ პროგრამებთან.

-          რას ითვალისწინებს განყოფილების დებულება და გასული ერთი წლის განმავლობაში რა იყო თქვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები?

დებულება საკმაოდ მოცულობითი და ფუნქციურად დატვირთულია. ბავშვთა უფლებების დაცვა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერაზე ზრუნვა სწორად და ზუსტად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯია  ხელისუფლების მხრიდან.

 2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი. ზუსტად ამ კოდექსის მიღების შემდეგ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურები, რაც ხელს შეუწყობდა ამ კოდექსის იმპლემენტაციას.

ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქმის წარმოების დასაწყებად ჩვენთვის არ არის აუცილებელი მომართვიანობა, ან რაიმე ოფიციალური საბუთი.  ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ანონიმური ან ეჭვის დონეზე არსებული, შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ შეტყობინებად და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, ვალდებულები ვართ, თავად მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მსვლელობა მივცეთ საქმეს.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა ოჯახების მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით და მერის წარმომადგენლების დახმარებით, გავაკეთეთ ბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე გვაქვს სტატისტიკა, იმ ოჯახების, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ ბაზის მიხედვით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვახორციელებთ  ვიზიტებს ოჯახებში და საჭიროებების გამოვლენას  ადგილზე.

თითოეული ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები ვსხდებით მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად ვაწყობთ სამუშაო შეხვედრას, რაც გვეხმარება, რომ სამომავლოდ,  ასეთი ოჯახებისთვის გრძელვადიანი პროგრამები შევიმუშაოთ.

-          ვიზიტების დროს, ძირითადად, რა საჭიროებები იკვეთება  და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რა ნაბიჯებს დგამთ ამ კუთხით?

ნებისმიერი საჭიროება, რაც ვიზიტის დროს გამოიკვეთება, ვალდებულები ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში დავაკმაყოფილოთ. ინდივიდუალური გეგმა დგება ყველა არასრულწლოვანზე, საჭიროების შემთხვევაში ერთვება, ჯანდაცვის სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ვაგრძელებთ მათთან კონსულტაციებს, ვაძლევთ მითითებებს,  ვრთავთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში. ასეთ ოჯახებთან გვაქვს ვალდებულება პერიოდულად განვახორციელოთ მონიტორინგი.

 უპრეცედენტო მხარდაჭერა და ხელშეწყობა გვაქვს მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან. მასთან ყველა შეხვედრა   ჩვენდამი უდიდესი თანადგომის გამოხატვით სრულდება და ნათლად იკვეთება, რომ მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა არის პრიორიტეტი.

-          კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ბავშვთა სოციალურ მუშაკი და რა დროს ერთვება საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგი?

სოციალურ  მუშაკს ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო დატვირთვა აქვს განყოფილებაში. ოჯახში ვიზიტის დროს,  ყველა არასრულწლოვანზე ავსებს სპეციალური სკრინინგის ფორმას, აკეთებს სიღრმისეულ კვლევას და ადგენს ინდივიდუალურ გეგმას - როგორ უნდა წარიმართოს შემდგომი პროცედურები. თითოეულ ქეისზე განყოფილების მულტიდისციპლინარული ჯგუფი მსჯელობს და ვდებთ დასკვნას.

ბავშვთა ფსიქოლოგი საქმეში ოჯახში ვიზიტის შემდეგ გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში ერთვება. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ კონსულტაციების ფორმატით შემოიფარგლება, თუმცა უმეტესად ისეთი სამუშაოა, ოჯახში რამდენჯერმე ვიზიტი უწევს, ასევე, ჩვენთან განყოფილებაშიც მოდიან ბავშვები, სადაც გვაქვს შესაბამისი რესურსი და მათთან ფსიქოლოგი  ატარებს სხვადასხვა სახის სეანსებს.

ძალიან რთულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა სხვადასხვა სახის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, ეს ძალიან სენსიტიური შემთხვევებია. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას და დიდი სიფრთხილით ვმუშაობთ ასეთ შემთხვევებზე. ძალიან ბევრი სტიგმაა საზოგადოებაში, სამწუხაროდ ჯერ ისევ სტერეოტიპების საუკუნეში ვცხოვრობთ და არსებული რეალობა არცთუ ისე სახარბიელოა. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

-          რა შესაბამისი სწავლებები და გადამზადებები გაიარეთ

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის სფეროში, გვყავს სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი (45 კრედიტიანი) რომელმაც წარმატებით გაიარა მუნიციპალური სოციალური მუშაკების გადამზადების კურსი. დაიცვა სასერტიფიკატო ნაშრომი და მიიღო უმაღლესი შეფასება.

განყოფილების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეგიდით, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა პერიოდულად ატარებდა ტრენინგებს. ეს   ტრენინგები ძალიან სასარგებლო და საჭირო  იყო ჩვენთვის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში. გადამზადების კურსი ერთწლიანი იყო, თუმცა მუდმივად გაგრძელდება მათთან ურთიერთობა და კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში გვექნება კომუნიკაცია.

-          რა გეგმები გაქვთ?

სულ ახლახან გადავიდა განყოფილება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსთან ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები, გავწერეთ სამოქმედო გეგმა. მალე დავიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.

 პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.

ვფიქრობთ, მოვაწყოთ შეხვედრა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მოვახდინოთ ინფორმირება, რა მიზანს ემსახურება ახალი სტრუქტურული ერთეული და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, ასევე უწყებათაშორის ეფექტურ კომუნიკაციას.

უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს წევრებთან. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, თანამონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხში, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას დაეხმარება სრულყოფილ და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაში.

გავაგრძელებთ არასრულწლოვანთა ოჯახებში ვიზიტებს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით, ვცდილობთ მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული შემთხვევების იდენტიფიცირება. როცა ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ აქ არ იგულისხმება მარტო ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ძალადობა, მომავალ თაობებზე საკმაოდ მძიმედ აისახება ასევე, განათლების უფლების დარღვევა, სრულყოფილ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა და ა.შ.

თუ ჩვენ, თვითმმართველობებში სწორად და ზუსტად დავგეგმავთ, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მათ კეთილდღეობაზე მორგებულ პროგრამებს დაახლოებით 10-15 წელიწადში მივიღებთ სულ სხვა სოციუმს, სადაც ადამიანები შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლება საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა, სადაც საქმე გვექნება ჯანსაღ საზოგადოებასთან.

 

 

ნანახია: 1060 - ჯერ