30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს.
პლენერში მონაწილეობის მსურველ მხატვართა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი:
,,პლენერი კვლავაც საქველმოქმედო ხასიათისაა, მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, ხატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად გადმოსცემენ ლიტერატურულ თეატრს.
ეს კოლექცია ხარაგაულის უდიდესი სიმდიდრეა, ესაა ფერებში დანახული ხარაგაული.
წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს 150 ნამუშევარი დაუგროვდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში იყო გამოფენილი და მნახველთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.”
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი მხატვრულ-მუსიკალური იქნება, დახურვის დღეს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. პლენერის ამ ნაწილს ცნობილი საოპერო მომღერალი,მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს.
წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. პლენერში მხატვრების და მუსიკოსების გარდა მონაწილეობას ცნობილი ფოტოხელოვანები მიიღებენ.