დღეს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში ხარაგაულში მოღვაწე ექიმებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების ფოტოები, საინტერესო ბიოგრაფიები და ფოტოისტორიები.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით, ექიმებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებული როლი აკისრიათ, რაც აღნიშნული გამოფენის მოწყობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ნინო დიდიძე: „ ხარაგაულში არაერთი გამორჩეული პიროვნება მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში. მოვიძიეთ მათი ფოტოები, გვქონდა ფონდში დაცული მასალებიც, ზოგიერთს ჩვენ დავუკავშირდით და მათი შთამომავლების დახმარებით საინტერესო მასალები წარმოვადგინეთ."
როგორც ნინო დიდიძემ განაცხადა მუზეუმი საინფორმაციო კატალოგის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ხარაგაულში მოღვაწეობდნენ და გარკვეული ღვაწლი მიუძღვით სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.
,,ჩემი თხოვნაა, ვისაც ხელი მიუწვდება ხარაგაულში მოღვაწე, ცნობილ პიროვნებებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციაზე, ითანამშრომლონ ჩვენთან, მოგვაწოდონ ისტორიები, რათა შევაგროვოთ და შევუნახოთ მომავალ თაობებს. მომავალში ვგეგმავთ ექიმების დღესთან დაკავშირებით უფრო ფართო ხასიათის ღონისძიება მოვაწყოთ, სადაც მოხდება ფოტო ისტორიების გამოფენა, რომელშიდაც ჩართულები იქნებიან ის ექიმებიც, რომლებიც ახლაც მოღვაწეობენ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება" - აცხადებს ნინო დიდიძე.
ისტორიულ მუზეუმში ექიმების ფოტოისტორიების გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.