ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია, საჯარო ფორმატში გაიმართება.
მერის პოზიციაა , რომ პროექტირების პროცესში დაცული იყოს ღიაობის პრინციპი.
კობა ლურსმანაშვილი:
,,უახლოეს დღეებში ხარაგაულის ცენტრალური პარკის პროექტის საჯარო განხილვა შედგება. პროექტის პრეზენტაციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ სეგმენტ ჯგუფებს. ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.”
პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, ფორმატით გათვალისწინებულია:
კომპანია ,,პროჯექტ კომპანი"-ს წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია.
ხარაგაულის მერის მოსაზრების წარდგენა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან პროექტის ირგვლივ საკუთარი ხედვებისა და შენიშვნების წარმოდგენა.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის პროექტირებას კომპანია ,,პროჯექტ კომპანი" ახორციელებს.
საჯარო განხილვა ოთხშაბათს, 6 აპრილს, 14:00 საათზე, კინოთეატრის შენობაში გაიმართება.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მოლოდინშია და წინასწარ განსაზღვრით, მისი ღირებულება მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.
საპროექტო იდეა მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ.
ინფორმაციისთვის, საერთო ჯამში, ხარაგაულში სრიგპ პროექტის ფარგლებში ოთხი პროექტი განხორციელდება.
მიმდინარეობს ხუნევის ბაღის მშენებლობა, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.
ტენდერი დასრულებულია და უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ღირებულება 282 000 ლარი.
დასრულდა სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი, პროექტის ღირებულება 250 ათასი ლარია.
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას.