სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_5.png

ექიმი ქალები ხარაგაულიდან - ფოტოგამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

     დიდი  სახეები  პატარა  ჩარჩოებში - ასეთი სახელწოდებით, 5 აპრილს,  სამშაბათს, 13.00 საათზე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი გამოფენას უმანსპინძლებს.

  მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ფორმაციები იცვლებოდა  სოფ. ღორეშაში  დაბადებულმა,  მინადორა  ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ თავისი მსოფლმხედველობა დაუკავშირა ახალ იდეოლოგიას, რომელიც მისი ღრმა რწმენით მსოფლიო ხალხებს „მშვიდობას, სოციალურ თანანსწორობასა და კეთილდღეობას“ მოუტანდა.

         22 წლის გოგონა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. სტუდენტობის წლებშივე ჩაება სოციალისტურ წრეებში. მან  ჟენევაში იქორწინა შემდგომში მეტად დრამატულ პიროვნებასთან, მალაქია ტოროშელიძესთან.

          1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე  რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მუშაობდა წითელ ჯვარში და არა-ში  ( ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია).

           1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

           1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მინადორა ორჯონიკიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკლარაციის ხელმომწერი.

             1919-21 წლებში სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავჯდომარის მოადგილე და შრომის კომისიის მდივანი იყო.

             წითელი არმიის შემოჭრისას ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

              პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იწყება მინადორა ორჯონიკიძის მეტად ტრაგიკული ცხოვრება. 1924 წელს იძულებით მოსკოვში გაასახლეს, რის გამოც უარი თქვა ე.წ. მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე. 1936 წელს დააპატიმრეს.

            1937 წელს მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე და შვილები გიორგი და ლევანი დაუხვრიტეს. თვითონ დახვრეტას სამედიცინო განათლებამ გადაარჩინა., ვინაიდან ყაზახეთში, სადაც გადაასახლეს ექიმები ძალიან სჭირდებოდათ. სასჯელიდან განთავისუფლებული თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს რეაბილიტაცია მიიღო.

            მედიცინის დოქტორი მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

         ჩვენს გამოფენაში წარმოდგენილ ექიმ ქალებს მართალია მსგავსი დრამატულ-ტრაგიკული ცხოვრება არ ქონიათ, მაგრამ ისინიც  თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით გასცემდნენ თავის ენერგიას, ცოდნასა და თავდაუზოგავად ემსახურნენ საზოგადოებას.

ნანახია: 977 - ჯერ