სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/shutterstock-1111675565-1625567648.jpg

ხარაგაულში „სათნოების სახლი” 105 ბენეფიციარს ემსახურება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ა(ა)  იპ  „სათნოების  სახლს”  ახალი  ხელმძღვანელი  ჰყავს.  ამ  თანამდებობაზე  რამდენიმე  ხნის  წინ თამარ  შავიძე დაინიშნა.  რა  საჭიროებები  და  მოთხოვნები  აქვს    მოსახლეობას, რა  გეგმები  აქვს  ახლად  დანიშნულ  დირექტორს  და რა  სერვისებს  სთავაზობს  „სათნოების სახლი”  ბენეფიციარებს,   ამის  შესახებ  გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის" კითხვებს თამარ  შავიძე პასუხობს.

თამარ შავიძე:

- პირველ  რიგში,  მადლობა   მინდა,  გადავუხადო  მერიის გუნდს  გამოცხადებული ნდობისა  და  მხარდაჭერისათვის.  მაქსიმალურად  შევეცდები, ეს  ნდობა  გავამართლო  და უფრო ეფექტური გავხადო  ორგანიზაციის საქმიანობა.    ვიზრუნებ იმაზე,  რომ  უფრო მეტი  შეჭირვებული  ოჯახები  მოვიცვათ  და  მათი  ყოფა-ცხოვრება  გავაუმჯობესოთ. როგორც  კი  უფლებამოსილების  განხორციელებას  შევუდექი, პირადად  შევხვდი  ბენეფიციარებს  და  მოვისმინე  ინფორმაცია  მათი  საჭიროებების  შესახებ. სრულ  მზადყოფნაში  ვარ, ყველა  პრობლემური  საკითხი  მოგვარდეს და, რაც  შეიძლება,  მეტი  კმაყოფილი  ადამიანი  გვყავდეს.  ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად  აქტიურად ვიმუშავებ, რომ ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხო.  ვფიქრობ,  ერთობლივი  და  კოორდინირებული  თანამშრომლობით,  შედეგი  აუცილებლად  გვექნება  და  მომსახურების  ხარისხი  გაცილებით  უკეთესი  იქნება.

- რამდენი  ბენეფიციარი  სარგებლობს  „სათნოების  სახლის”  მომსახურებით და  როგორ  ხდება  მათი  შერჩევა?

 - „სათნოების  სახლი”  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მძიმე   სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეთა  უფასო  კვებას  ემსახურება. ბენეფიციართა  მიღება  ხდება  მერიის სოციალური  სამსახურის მომართვიანობისა  და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა მიერ გაწეული შუამდგომლობის გათვალისწინებით, რომელსაც თან ახლავს ცნობა ოჯახის სოციალური  მდგომარეობის  შესახებ.  ობიექტურობა მაქსიმალურად  დაცულია, რადგან  მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა უნდა  მიიღონ, ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ამჯერად 105 ბენეფიციარს  ვემსახურებით,  აქედან კვირაში  ექვსი  დღე უფასო სადილისთვის 65 პირი  გვაკითხავს, დანარჩენს  კი  საკვები  სახლში  მიეწოდება.  უნდა  აღინიშნოს,  რომ  გარდა  დაბისა, ბენეფიციარები  გვყავს ახლომდებარე   სოფლებიდანაც.  ვფიქრობთ,  ახლო  მომავალში  მომსახურების  არეალი  კიდევ  უფრო  გაიზრდება  და  სხვა  ადმინისტრაციულ ერთეულებსაც  მოვიცავთ. 

-გვესაუბრეთ კვების რაციონზე, როგორია  ყოველდღიური  მენიუ?

-კვების  რაციონი  საკმაოდ  მრავალფეროვანია და  მენიუში  გვაქვს  ყველა  პროდუქტი,  რომელიც ადამიანის  ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და საჭიროა. ხორცი,თევზი, რძის პროდუქტები, ლობიო, წიწიბურა,  ხილი და ტკბილეული-ეს ის  მცირე  ჩამონათვალია,  რომლებსაც  ბენეფიციარები  კვირის  განმავლობაში იღებენ.  გარდა  ამისა,  სადღესასწაულო  დღეებში გვაქვს  განსხვავებული   მენიუ  და  მცირედი  საჩუქრები ტკბილეულის სახით. რაც  მთავარია,  ჩვენთან  შესაძლებელია  ხარისხიანი  საკვები  პროდუქტების  მიღება  და  ჰიგიენური  ნორმები  მაქსიმალურად  დაცულია.

აღსანიშნავია ისიც,  რომ წინა წლებთან შედარებით, კვება ბევრად გაუმჯობესებულია  და ხელისუფლების  მხრიდან  უფრო  მეტი  ყურადღება  იგრძნობა.

-როგორ ახორციელებთ  საკვები  პროდუქტების  შესყიდვას?

- პროდუქტების შესყიდვა,  კანონის  სრული დაცვით, ტენდერის  საშუალებით შესყიდვების  სააგენტოს  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში  ხდება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში  კი  მითითებულია    ყველა  ის მოთხოვნა, რასაც  უნდა  აკმაყოფილებდეს  მომწოდებელი  კომპანია. მიმდინარე  წელს  52 742  ათასი  ლარის  სხვადასხვა  დანიშნულების  საკვები  პროდუქტი  შევიძინეთ,  რომელსაც  გამარჯვებული მეწარმეები წლის  განმავლობაში  გეგმის  მიხედვით  მოგვაწოდებენ.

-რამდენი  ლარით  განისაზღვრა  მიმდინარე  წელს  „სათნოების  სახლის”  ბიუჯეტი  და  რა თანხები  იხარჯება  კვებაზე?

-ხარაგაულის „სათნოების სახლი” მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 000 ლარით დაფინანსდა. თუმცა  რამდენიმე  ხნის  წინ,  ჩვენი  მოთხოვნის  საფუძველზე,  ეს  თანხა 25 000 ათასი  ლარით გაიზარდა.  აპრილიდან  რამდენიმე  ბენეფიციარი  დაგვემატება  და მომატებული თანხის გარკვეული  ნაწილი  ამ  მიმართულებით  დაიხარჯება.  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს  ბენეფიციართა  კვებაზე    80 000  ათასი ლარია  გათვალისწინებული.

-როგორც  ვიცი,  დაგეგმილი  გაქვთ  ახალი  ინვენტარის  შეძენა, გვესაუბრეთ ამის  შესახებ უფრო  დეტალურად. 

-აუცილებელია, რომ „სათნოების სახლი”  მუშაობდეს  გამართულად  და  დაცული  იყოს  სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმები.   ამისთვის  კი  საჭიროა  ინვენტარის  განახლება, რომლის არქონაც   ნამდვილად დიდ  პრობლემას  წარმოადგენს.   ვგეგმავთ, გაზქურის,  გამწოვის,  დახლ-მაცივრისა და სხვა  ინვენტარის  შეძენას, რომლებიც   საჭიროა  ნორმალური  ფუნქციონირებისათვის  და  იმისათვის, რომ  ბენეფიციარებს  გამართულად  მოვემსახუროთ.

-როგორია  თქვენი  სამომავლო  გეგმები?

-ჩემი  სამომავლო  გეგმაა,   მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად  მოხდეს  იმ  ადამიანების  იდენტიფიცირება,  რომლებიც  ჩვენგან  დახმარებას  საჭიროებენ. არ  მინდა,  ვინმე  უყურადღებოდ  დარჩეს  და  ვისაც  ამის  საჭიროება  აქვს, ყველამ  ისარგებლოს „სათნოების  სახლის”  მომსახურებით.    დიდი  სურვილი  მაქვს, უფრო  მრავალფეროვანი  მენიუ  შევთავაზოთ  ბენეფიციარებს  და გაიზარდოს  კმაყოფილების  ხარისხი. ეს  ადამიანები  ჩვენგან  განსაკუთრებულ  ყურადღებას  იმსახურებენ  და, რაც  შეგვეძლება,  მაქსიმალურად  გვერდით  დავუდგებით. სოციალური  სფერო პრიორიტეტია  ადგილობრივი  ხელისუფლებისათვის  და,  ვფიქრობ,  ამ  მიმართულებით სამომავლოდ  ბევრი  საინტერესო  სიახლე გვექნება. 

 

 

ნანახია: 824 - ჯერ