სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/koba%20jpg.jpg

მერის გადაწყვეტილებით,ხარაგაული - მოლითის მიმართულებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ხარაგაული-მოლითის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

მარშუტი კვირის განმავლობაში სამი დღე მოემსახურება მგზავრებს და შემდეგ სოფლებს გაივლის: საღანძილე, დიდვაკე, სადგურ მარელისი, ვახანის წყალი, ბაბი, მოლითი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

„მოლითისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობა. მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნები, სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რაც ვფიქრობ ამ ხეობის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.“

მიკროავტობუსი ხარაგაულიდან მოლითის მიმართულებით 8:00 საათზე, ხოლო მოლითიდან ხარაგაულის მიმართულებით 14:00 საათზე იმოძრავებს. მგზავრობის მაქსიმალური ღირებულება 1 ლარია.

წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.

მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 000 ლარს შეადგენს.

ნანახია: 2679 - ჯერ