სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_3.JPG

პაატა იმნაძე: ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას

დღეს ხარაგაულში ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  მთავარი ეპიდემიოლოგი, ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე  გაამახვილა ყურადღება, - „მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რათა უშაუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია და რაც უფრო მეტი ავიცრებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.“

მთავარი ეპიდემიოლოგმა, ხათუნა ზახაშვილმა ვაქცინების ტიპებსა და მათ შემადგენლობებზე ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე: „იმერეთში სამწუხაროდ აცრილთა სტატისტიკა ძალიან დაბალია, 50 %-ც არაა აცრილი. შესაბამისად ის ეპიდვითარება, რაც ამ წუთში გვაქვს ამის გამოძახილია. იმ რეგიონებში, სადაც მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი შედეგებიც უკეთესია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავმართოთ იმუნიზაციის მარათონები. დღეს ხარაგაულის პარალელურად მარათონი გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, საჩხერესა და თერჯოლაში“.

როგორც გოჩა გიორგიძემ აღნიშნა დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მხოლოდ 36%-ა  ვაქცინირებული, ეს არის კრიტიკული ფონი და ხელსაყრელი კოვიდის კიდევ უფრო გავრცელებისთვის. თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი და  ჩვენი ოჯახის წევრები სულ მცირე მოსახლეობის 60-70 %  - მა  მაინც უნდა ავიცრათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: „დღევანდელი შეხვედრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ასევე აქტიური საქმიანობისთვის, მოსახლეობის ჯანმრთეოლობის სადარაჯოზე დგომისთვის, პროფესიული თავდადებისთვის  რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრისა და  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, ასევე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ და იმყოფებიან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. პრობლემა ნამდვილად გვაქვს, მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, თუმცა ბოლო პერიოდში მსურველთა რიცხვმა სამწუხაროდ საგრძნობლად მოიკლო.“

შეხვედრაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხევზე, რომლებიც ძირითადად ვაქცინაციის რისკებს ეხებოდა.

დასასრულს გაიმართა იმუნიზაციის მარათონი.

ნანახია: 900 - ჯერ