სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/uijkol.jpg

ქეთევან მანჯავიძე - ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია

 

22 ოქტომბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევან მანჯავიძე.

 

გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.

 

კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობა ხარაგაულის 26 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა მიიღეს. ჯამში კონკურსში 210 ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო შემდეგი კლასობრივი განაწილებით: მე-8 კლასი 44 მოსწავლე, მე-9 კლასი 60 მოსწავლე, მე-10 კლასი 57 მოსწავლე და მე-11 კლასი 49 მოსწავლე. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადამსვლელი მოსწავლეები, რომელთა შორის გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.

 

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მეორე - 22 ოქტომბერს. კონკურსის პირველი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბით დამშვენებული ონლაინ სიგელი, ხოლო მეორე ეტაპის მონაწილეს ოქროს სიგელი, გამარჯვებული და მომდევნო ორი ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდნენ ონლაინ დიპლომებით.

 

ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ: https://www.etaloni.ge/geo/main/index/60872

ნანახია: 1839 - ჯერ