სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1.jpg

კაცი რომელიც დააკლდა ხარაგაულს

,,ხვალ, 28 მაისს, ჩვენი ვეფხვია 50 წლის ხდება, კაცი, რომელის ნიჭიერებაც ძალიან დააკლდა ხარაგაულს და თითოეულ ჩვენგანს.

ჩვენო ვეფხო,

 ხვალ, ისევე როგორც ბოლო 21 წელია, ისევ ამოვალთ შენს საფლავთან შენი მეგობრები, ისევ დავიწყებთ შენი დაბადების დღის აღნიშვნას სევდიანად, მერე გადავალთ მოგონებებზე და შენთან დაკავშირებულ ისტორიებს გავიხსენებთ, შემდეგ სევდას ნელ-ნელა სიცილი ჩაანაცვლებს და ვიმხიარულებთ შენთან ერთად. მე წამოვიღებ შენს ჩანაწერებს, რომლებსაც გულდასმით ვინახავ და შენ ლექსებს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, კიდევ ერთხელ შენთან ერთად შევეცილებით ხარაგაულის სიყვარულში ერთმანეთს...

მოკლედ, ხვალ შენი დღეა ვეფხო!“

ამ პოსტით გამოეხმაურა ვეფხვია ღონღაძის დაბადების დღეს , თავის პირად ფეისბუქ გვერდზე, მისი მეგობარი, მამუკა ჭიპაშვილი.

ვეფხვიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მამუკა ჭიპაშვილის აქტიურობით გამოიცა ვეფხვია ღონღაძის ლექსების კრებული „და ოცდამეცხრე გაზაფხულს ველი“.

მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ხარაგაულელები სიყვარულით მღერიან.

სიყვარულით დაწერილ ფრაზებს ,ასეთივე გრძნობით იმღერებენ მომავალი თაობები.

ყველას უნდა გვახსოვდეს კაცი რომელიც არ ჰგავდა არვის.

ხვალ ვეფხვია ღონღაძე 50 წლის გახდებოდა.

 

ხარაგაულს

     ვეფხვია ღონღაძე

შემოდგომის ქარი ფოთოლს გულზე გაკრავს,

თითქოს ფარავს დასველებულ იარებს,

ჩემი ცაცხვის ხეივანი მომენატრა,

ქუჩის ბოლოს ისევ გამოგიარე.

ამ საღამოს იდუმალი ფიქრი ახლავს

დაღალული ჭადარივით შრიალებს,

სადღეგრძელოს არაერთხელ გეტყვი ახალს,

შენთან დავცლი ღვინით სავსე ფიალებს.

სანთელივით უნდა მენთო მხოლოდ გულში,

სიმღერის და ძმობის დღესასწაულო,

მეც სუყველას ისევე შენს სიყვარულში,

ვეცილები, ჩემო ხარაგაულო.

სულ მახსოვხარ მხიარული მასპინძელი,

სხვა ბავშვური მოგონებაც კარგია,

კვლავ გეზრდება მომავალი, თუმცა ძველი

ბევრი ნაღდი შვილიც დაგიკარგია.

შენი დილა გაფრენას ჰგავს თეთრი გედის

ცხრათვალა მზე სხივებს ააბრიალებს,

გულში გიკრავ რახანია, თუმცა ბედის

კარუსელი ისევ აღარ ტრიალებს.

 

ნანახია: 1600 - ჯერ