სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/aslkfalsfalskfjaslfkjaslfkjaslkfj654%2B6.jpg

ხარაგაულის მერიაში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა იწყება. პროექტი მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განვითარებას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს.

პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ , რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის პრაქტიკასა და გამოცდილებას საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში გააზიარებს.

 მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსმა თამთა ორჯონიკიძემ , მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს  და თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს პროექტის მიზნები,ამოცანები და დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები გააცნო.

აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში  პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.კერძოდ,ელექტრონული სისტემის შესწავლა და რეალურ რეჟიმში გაშვება.სწავლება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან  ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს ითვალისწინებს. სწავლებას ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსი თამთა ორჯონიკიძე განახორციელებს.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის

ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს , გაზრდის  მოქალაქეების ჩართულობას საჯარო პოლიტიკის და სერვისების დანერგვის პროცესში, მათ საშუალებას მისცემს  თავად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოლიტიკის

შემუშავებაში, რაც ჩვენ საქმიანობას და საზოგადოებასთან ურთიერთობას უფრო მოქნილს გახდის.”

თამთა ორჯონიკიძე:

 ,,ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.”

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით იწყება.

 

 

ნანახია: 1440 - ჯერ