სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1400.JPG

საკრებულომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასა

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა. სხდომას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. მოადგილეებმა დეპუატატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და შესყიდვების საკითხებს შეეხებოდა.

 დეპუტატებმა პირველ რიგში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით სოციალური მიმართულებით, რამდენიმე პროგრამის დაფინანსება გაიზარდა. კერძოდ, ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებელე ბენეფიციარების დაფინანსება გაიზარდა -150 ლარამდე, ხოლო ლეიკეემით დაავადებულების, წელიწადში ერთხელ-600 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ასევე, გაიზარდა სამამულო ომის მონაწილეების, უსინათლო მოქალაქეების, დევნილი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 10 ლარით და გახდა 30 ლარი.

ერთჯერადი დახმარებები -100 ლარიდან არა უმეტეს-500 ლარამდე გაიზარდა. ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებში.

აღნიშნულ სოციალურ ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი განცხადებით, საჭიროებიდან გამომდინარე სოციალური ცვლილება  დაჩქარებული წესით მომზადდა. „მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივაა, რომ მერიამ  უსინათლოებისა და ომის მონაწილეებისთვის  გარკვეული სახის დახმარება გასცეს, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ასევე, ხშირად ვსაუბრობდით ერთჯერადი დახმარებების გაზრდასთან დაკავშირებით  და ეს თანხა 500 ლარამდე ავიყვანეთ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საკმარისი ესეც არ არის“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

დეპუტატმა,ინგა მაღრაძემ,  ბავშვების და ახალშობილების პროგრამის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ მარტოხელა დედების და მარჩენალ დაკარგული ოჯახების ერთჯერადი სახის დახმარება მცირეა და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც გაიზრდება დაფინანსება.

მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე ინფრასტურქტურული პროექტისა და სამუშაოების შესყიდვის შესახებ განმარტება გააკეთა.  

მეორე საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშის მოსმენა გახლდათ, რომელიც დეპუტატებს სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო.

კახა გოლუბიანის თქმით, უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ სამსახურში განხორციელდება ცვლილება, კერძოდ, დაემატება ერთი ახალი განყოფილება -„ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის“ განყოფილება. ასევე გაუქმდება სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდგომში სამსახურის სახით ჩამოყალიბდება.

დეპუტატებმა ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის,  შმაგი ხიჯაკაძისგან, მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებში გატარებული ღონისძიებებისა და კორონა ვირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.   

შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და პანდემიის გავრცელება შემცირებულია. მისივე განმარტებით, რეგულარულად ხდება რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანების ტესტირება. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ  ვირუსთან საბრძოლველად აუცილებელია რეგულაციების სწორი დაცვა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ შესყიდვებზე რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკითხი მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ წარადგინა.

საკითხი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელს ეხება, რომლის ფარგლებშიც დადგენილია ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში გადასახადელი თანხა.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს:

1.ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას;

და ასევე,

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას;

 

 

ნანახია: 1192 - ჯერ