სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/132293569_2847399732167409_5444109409131380055_o_1.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს ხარაგაულის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა.
სხდომას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი დაესწრნენ.
2021 წლის ბიუჯეტი 9 900 100 ლარით განისაზღვრა და ძირითადად ორიენტირებულია სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და იმ მნიშვნელოვანი პროგრამების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს მუნიციპალიტეტში იგეგმება.
ვარლამ ჭიპაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაიზიარა საკრებულოს შენიშვნები და, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება.
სხდომა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების კითხვებს მერიის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობამ 2021 წლის ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ერთხმად აღნიშნეს, რომ საკრებულოსა და მერიას შორის უკვე არსებობს მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის საჭირო და აუცილებელია.
თავის მხრივ, ასეთი დამოკიდებულებისათვის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს და განაცხადა, რომ მისი სურვილია, ხარაგაულში რაც შეიძლება მეტი ფინანსები დაიხარჯოს და ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამა დაიგეგმოს.
,,ვიმედოვნებ, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან მომავალში უფრო მჭიდრო და ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმით ვიმუშავებთ. ხარაგაულში არც მაჟორიტარ დეპუტატს, არც საკრებულოს წევრებს და არც მერს არანაირი განსხვავებული ინტერესები არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ვემსახუროთ ხარაგაულის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ნებისმიერი საკითხი გადაწყვეტილი იქნება სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
მერია მაქსიმალურად გადავიდა ,,ღია კარის“ პრინციპით მუშაობის რეჟიმზე. დავალება მაქვს გაცემული სამსახურებზე, ნებისმიერ საკითხზე მომართვიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და არ გვაქვს უფლება, მათი პრობლემების მოგვარებაზე არ ვიზრუნოთ. ბიუჯეტი სწორედ ამ ხალხისაა და ამიტომ მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მისასალმებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმედით უყურებს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურად სოლიდარულია. რაც მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, დახურულ კარს მიღმა არ მიმუშავია. ასე მოხდა ბიუჯეტის შემთხვევაშიც, რომლის პროექტი საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახლდათ. მჯერა, რომ 2021 წელი ბევრ სიკეთეს შეჰმატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს და ეს ბიუჯეტი ნამდვილად გაამართლებს ჩვენი ამომრჩევლის იმედებს.“-აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
ნანახია: 2061 - ჯერ