საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.JPG

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

„დაუსრულებელი პროექტები არის ყველაზე სრიოზული გამოწვევა, დღეს, ხარაგაულისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს წინა წელს დაწყებული ან, საერთოდ არდაწყებული გზები, რის გამოც დროულად ვერ მიიღეთ სიკეთე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამის გამო, მაგრამ აუცილებლად განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ დროულად, რაც კი, ჩვენზეა დამოკიდებული. ვგულისხმობ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებზე ატვირთვას. კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას მუშაობენ ჯარიმების თანხლებით ან უწყდებათ ხელშეკრულება. ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებას კი, სჭირდება დრო და პროცედურების დაცვა“ - აღნიშნულის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდარში, შარიქაძეების უბანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. 
ამ უბნში 900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2018 წელს უნდა დაგებულიყო. 
შპს „ნიუ გრუფმა“ ვალდებულება ვერ შეასრულა. აღნიშნულ კომპანიას სხვა სოფლებშიც აქვს ანალოგიური მდგომარეობა. 
„ახლა მთავარი ისაა, რომ კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და როგორც ამბობენ აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებენ. მადლობა იმისთვის, რომ შეგნებით ეკიდებით ასეთ სირთულეებს და გაქვთ მომავლის იმედი. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ყველა გამოწვევა“- განაცხადა მერმა შეხვედრაზე. 
შპს „ნიუ გრუფის“ ახალი მენეჯერის ინფორმაციით, გზებზე უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას და ყველა ვალდებულებას ეტაპობრივად 
შეასრულებენ. 

ნანახია: 5316 - ჯერ