საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghdxfgbhxc_5.jpg

ანდრიაობა ხარაგაულში

12 მაისს, ანდრიაობას, მთა რკინისჯვრის მოლოცვის ტრადიცია ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, თვრამეტი წლის წინ დაიწყეს. 
2001 წლის 12 მაისს შოთა მარტო ავიდა მთა რკინის ჯვარზე. მომავალ წელს მეგობართან ლაშა თაბუკაშვილთან ერთად გაიარა იგივე გზა. მას შემდეგ ყოველ წელს ემატებოდნენ ბიჭები და 12 მაისს ანდრია მოციქულის ნაკვალევს ტრადიციულად მოილოცავდნენ. 
2016 წლიდან კი, ახალგაზრდების ძალისხმევითა და ინიციატივით მსვლელობას ექსტრემალური პილიგრიმული ტურის სახე მიეცა და უკვე მეოთხე წელია, ხარაგაულში, 12 მაისს განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან. 
პილიგრიმული ტური ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს და მასში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ერთვებიან. 
წელს ანდრიაობას ამერიკის მისიის ხელმძღვანელი სქართველოში, ელიზაბეთ რუდიც შეუერთდა, რომელმაც მთა რკინის ჯვარი ტურის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან ერთად მოილოცა. მსვლელობაში უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად მონაწილეობენ საქართველოს Of Road - ის ფედერაციის წარმომადგენლები. 
ტურის ფარგლებში, პილიგრიმებს ეკო ტურიზმის ასოციაცია ხარაგაულის ნობათით გაუმასპინძლდა. ასოციაცია, ამ ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკო ტურიზმის განვითარებისთვის პროექტს ახორციელებს. პროექტი ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, ელიზაბეთ რუდის მხარდაჭერით და usaid -ის დაფინანსებით ხორციელდება. 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში მდებარე მთა რკინის ჯვრისკენ პილიგრიმები ურთულესი გზა გადიან და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მირონმდინარი ხატს ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, ანდრია მოციქულის ნაკვალევზე მიაბრძანებენ. გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში, საქართველოში მოგზაურობის დროს, სწორედ ამ მთაზე აღმართა ანდრია პირველწოდებულმა რკინის ჯვარი.
წელიწადში ერთხელ, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მირონმდინარი ხატი, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძარს ტოვებს და ანდრია მოციქულის განვლილ გზას მიუყვება. 
პილიგრიმული ტურის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.

ნანახია: 9578 - ჯერ