საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjghncv.JPG

ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მისი მიზანია, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაამზადონ გენდერულად დაბალანსებული  აუდიტორია და განახორციელონ სწავლება ისეთი  ტექნიკური მოდულებით, რომლის გავლის შემდეგაც გზის მშენებლობის არეალში მცხოვრები ბენეფიციარები მარტივად შეძლებენ აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი, შექმნან მეურნეობები და გააკეთონ საწარმოები.

23 აპრილს, ხარაგაულის მერიაში პროექტის განხორციელებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის, black sea group-ის და ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველი კორეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძე დაესწრნენ. გამომდინარე იქედან, რომ სწავლებები სოციალურ და გენდერულ საკითხებსაც მოიცავს, რაც ბენეფიციართა რაოდენობაში (სულ ცოტა 50% მაინც) ქალების ჩართულობას გულისხმობს, შეხვედრას, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გენდერზე პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ.

 მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხარაგაულის მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება.

არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ძალიან სასიხარულოა რომ მოსახლეობა გზის მშენებლობასთან ერთად ასეთ სიკეთეს მიიღებს. „მათ მიეცემათ სწორი მიმართულება როგორ განავითარონ საკუთარი მეურნეობები, შექმნან საწარმოები, აწარმოონ მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ყოველივე ამაში კი, ხარაგაულის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იგულისხმება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის პროექტის განხორციელებას“- აღნიშნა ხარაგაულის მერის მოადგილემ.  

მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს მესიჯები რას სთავაზობს ეს პროექტი მათ და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ. სწავლების პოპულარიზაციისთვის და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, აზიის განვითარების ბანკი პირველ ეტაპზე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა გამოიკვეთოს თუ რა საჭიროებები დგას ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების წინაშე და რა ტექნიკური თუ  თეორიული ცოდნის მიღებაა მნიშვნელოვანი მათთვის თავიანთი იდეების განვითარებისთვის. სასწავლო მოდული მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად შემუშავდება. ტრენინგები 4 ეტაპად ჩატარდება და თოთოეულ ჯგუფში 25 კაცი იქნება. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 100 დაინტერესებული პირი გადამზადდება.“ 

შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებს ყველა საჭირო დეტალს, განიხილავს რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების პროცესში და უკვე მომზადებულები დაიწყებენ  ტრენინგების ჩატარებას. პროექტის პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარებაა, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიეცემა.

ნანახია: 7896 - ჯერ