საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141.JPG

ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს

დღეს ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ დღის მოვლენების  მონაწილეებმა და სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.  21 გარდაცვლილი გმირის მემორიალურ დაფასთან მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.

დღესვე, ბაზალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული, ამავე სოფლის მკვიდრის, ელისო ჭიპაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა 24 წლის გმირი გოგონა გაიხსენეს და პატრიოტულ თემებზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს. 

ღონისძიებაზე 9 აპრილის საბედისწერო ღამეზე ისაუბრა გოჩა კოპაძემ, რომელიც ამ დღეს რუსი ჯარისკაცების მიერ გაშვებული მგუდავი  აირით მოიწამლა. „იმ დროს ერი იყო გაერთიანებული ისე, როგორც არასდროს! როცა მოუახლოვდნენ მომიტინგეებს ჯარისკაცები და დაიწყეს ხალხის ცემა, პირდაპირ თვალებში გვასხამდნენ მომწამლავ გაზს. უნდოდათ მთავრობის სასახლეში შეეყვანათ ხალხი და იქ, ალბათ, მსხვერპლიც უფრო მეტი  იქნებოდა. დიდი გმირობა გამოიჩინა მაშინ პოლიციამ, ბოლომდე იცავდნენ მთავრობის სასახლეს, რომ ხალხი იქ არ შეეყვანათ. საშინელი სანახაობა იყო ჩვენ თვალწინ, მაგრამ ამ ტრაგედიასთან ერთად მე მინდა მოგილოცოთ 9 აპრილი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“-აღნიშნა გოჩა კოპაძემ.  9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ასევე, პაატა გოგოლაძემ, იზოლდა ოკრიბელაშვილმა და ვარლამ ჭიპაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, ხარაგაულის მერიის ინიციატივით, ელისო ჭიპაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე სახელობის ცაცხვების ხეივანი გაშენდა და ბარელიეფი დაიდგა.

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ, დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილებიც, ხოლო 2 000  მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.

საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, 1991 წელს ეს თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა. წელს მთელი საქართველო ამ დღეს ასევე, მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლოდ აღნიშნავს.

საქართველოს მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ღონისძიებები სახელწოდებით „მადლობა თავისუფლებისთვის“, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც უერთდება. 

ნანახია: 6194 - ჯერ