საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgdfghdgh.jpg

მერია დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებმა, ძირულა-ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი გზის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები დაათვალიერეს.
 იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 25 კმ-იანი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო, მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რეაბილიტაციის პარალელურად, დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა და ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა. 
თავის მხრივ, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტრომ საკითხის შესწავლის მიზნით, გზის მშენებლობის ზედამხედველ კომპანიას მიმართა, რომელთა წარმომადგენლებმაც, დღეს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა. 
დაათვალიერეს, ასევე, მდინარე „ჯიხველასა“ და „რახიელაზე“ არსებული ხიდები. აღნიშნეს, რომ რახიელას ღელეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩინურმა კომპანიამ დაამონტაჟა, ახალ პროექტში კვლავ გათვალისწინებულია.
პროექტის ზედამხედველები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად განიხილავენ საკითხს და გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს მომავალში აცნობებენ.

ნანახია: 5287 - ჯერ