საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfjhdgjhfghj.jpg

სამხატვრო პლენერის დახურვა ხარაგაულში

ორი დღის მანძილზე ხატავდნენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხარაგაულის ხედებს.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ინიციატივით, სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში უკვე მესამედ ჩატარდა.
მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა სოფელ უბისაში ღია სივრცეში შედგა, რომელსაც ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 
თემურ ჩხეიძემ მერიის სახელით ხუთი მხატვარი სამადლობელი სიგელით და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა. 
სამხატვრო პლენერის ფარგლებში 17 მხატვარმა 2-2 ნამუშევარი შექმნა, რომელთაგან ერთი საჩუქრად იმ ოჯახებს გადასცეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დანარჩენი ნამუშევრები კი, ტრადიციულად, ლიტერატურულ თეატრს გადაეცა.

იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერისთვის და პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის.

პლენერის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებსა და მხატვრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ხარაგაულის ხედებით და სტუმარ-მასპინძლობით, საშემოდგომო ნობათით გაუმასპინძლდნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.

ნანახია: 7316 - ჯერ