საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/fg.JPG

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.  

სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“  

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა.

საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.

ნანახია: 1354 - ჯერ