საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/138472046_2112172772250973_3845747920967959864_o.jpg

საკითხები - რაზე ისაუბრეს ხარაგაულის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა

დღეს, ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანშვილს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს შეხვდა.
 შეხვედრაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს!
 საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელთა შესრულებაც წინა წლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო გაჭიანურდა.
 კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, წელს დაფინანსებული 15 პროექტიდან სწორედ ასეთი პროექტების დასრულებას მიენიჭა პრიორიტეტი. „ახლახანს ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი მუშაობით მოხდა ახალი გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს, დამატებით, კიდევ ოთხი გზის მშენებლობა განხორციელდება და ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოხდება“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
 ისაუბრეს სტიქიის სალიკვიდაციო თანხების მობილიზებაზე. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ფონდიდან პირველ ეტაპზე მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოიყოფა, რომლითაც ლეღვნის თემში რამდენიმე პროექტი, ხოლო დაბა ხარაგაულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობ დაფინანსდება.
მიმოიხილეს ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ხარაგაულის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მშენებელ კომპანიასთან შეხვედრა, სადაც დაზუსტდება კონკრეტული დეტალები - როდის და რა ლოკაციებზე განახლდება გზის მშენებლობა, რადგან როგორც ხარაგაულის მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია დაბაში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა უნდა მოეწყოს და სამუშაოების განხორციელების არეალში გზის მშენებელები ვერ იმუშავებენ.
 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრეს ასევე, მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულიდან იმ ზონის სოფლებია ჩასმული, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალია გაყვანილი. ეს არის კიცხის ზონა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები.
 შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა, რომ გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს.
 განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება , რომელშიც ყველაზე დიდი მომართვიანობაა და მოქალაქეებს ამ კუთხით თანადგომა სჭირდებათ. ხარაგაულში სოციალური ბიუჯეტი წელს მილიონ ლარზე მეტია და ამ კუთხით 22 ქვეპროგრამა მოქმედებს.
 ხარაგაულის მერი ამბობს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად მუშაობს მაჟორიტარ დეპუტატთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
 დღესვე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის დეპუტატის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც მათი მხრიდან იქნა დაყენებული.
ნანახია: 1868 - ჯერ