2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველი საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა, რომელმაც საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ხუთი ობიექტი: სოფელ საბეში, ყოფილი კლუბის შენობა (სადემონტაჟოდ) და სოფელ ლახუნარაში 170კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე მდგარი შენობა -ნაგებობა. მისივე განმარტებით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ასევე- სოლომონ მეფის N2 შესახვევში არსებული, სხვადსხვა ადგილზე მდებარე სამი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (100 კვ.მ, ა11 კვ.მ და 28 კვ. მ მიწის ფართები).
ჯაბა ბერაძის განმარტებით დაბა ხარაგაულში მდებარე საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია პიროვნება, რომელიც აპირებს ტერიტორიაზე ღია ტიპის სარიტუალო დარბაზის მოწყობას.
ბიუროს წევრების განცხადებით წარდგენილ საპრივატიზაციო ობიექტებს განიხილავენ კომისიის სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე იმსჯელებენ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ობიექტების გასხვისება.
ჯაბა ბერაძის განცხადებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის საჭიროა სახელმწიფოს გადაეცეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სოფელ ხევში მდებარე 2150 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სხდომაზე ასევე განიხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. საკითხი, სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა.
ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ განვითარებაზე, შემცირდა ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებლები, რის გამოც გარკვეულწილად შემცირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები-1 450 000 ლარით.
თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გამოუყო ფინანსური დახმარება. ამ მიზნით, ხარაგაულს 950 000 ლარი გამოეყო, რომელიც ხარაგაულის ბიუჯეტის შემოსულობების გათვალისწინებით განისაზღვრა. აღნიშნული ფინანსური დახმარების საშუალებით ხარაგაულის ბიუჯეტი მხოლოდ 500 000 ლარით მცირდება, როგორც საშემოსავლო ისე ხარჯვით ნაწილში.
სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ
მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე