კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0211.JPG

ხარაგაულში კახორის სოლო კონცერტი გაიმართა

1 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში ფოლკლორულ ანსამბლ „კახორის“ სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახორის ბიჭები განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ. შესრულდა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები.

კონცერტს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე უძღვებოდა, რომელმაც ანსამბლის წარმატებებსა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

 „კახორის“ ბიჭების უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მღერიან. ანსამბლ „საუნჯის“ სახელით მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. ბიჭების მომღერლებად აღზრდაში და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს დალი და მაია  მაღრაძეებმა.

2012 წელს ახალგაზრდებმა თავიანთი გუნდი ჩამოაყალიბეს და ანსამბლს სახელი ხარაგაულის კახორის წმიდა გიორგის სახელობის სალოცავის პატივსაცემად უწოდეს. ბიჭები, ნაკლები თავისუფალი დროის მიუხედავად, აქტიურად ცდილობენ შეკრებას რეპეტიციებზე და ძველი ხალხური სიმღერების აღდგენას. „კახორს“ მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფესტივალზე  და არაერთი საპრიზო ადგილისა და გრანპრის მფლობელია.

ანსამბლის ლოტბარი  მათივე წევრი ალეკო მიქელაძეა, რომელიც წელს წარმატებით ასრულებს „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელს“. ანსამბლში, ასევე, მღერიან ბიჭების მეგობრები თბილისიდან: გიორგი იოსავა, გიორგი ხატიაშვილი და ზურაბ კახიძე.

კახორის შემადგენლობაში, ასევე შედიან, ოთარ ფურცელაძე, დიმა ჩიკვაიძე, ლევან გოლუბიანი და ნიკა კვაშილავა.

ნანახია: 5711 - ჯერ