კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0325.JPG

  ხარაგაულის სახალხო თეატრი სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა

20 ივნისს იმერეთის მეათე საიუბილეო, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი-2019“  საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის ფარგლებში, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი “ხორუმი ქართული ცეკვაა“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, 8 ივნისს ითამაშა.  

20 დღის განმავლობაში მესხიშვილის თეატრში ნაჩვენები იქნა 17 სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას  იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის, ასევე,  აზერბაიჯანისა და რუმინეთის თეატრალური დასები იღებდნენ. 

იმერეთის თეატრალურ ფესტივალი მეათე წელია, თეატრალური საზოგადოების, ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური აფასებს.

20 ივნისს, „თეატრალური იმერეთი-2019“ -ის დაჯილდოების ცერემონიალზე ხარაგაულის სახალხო თეატრმა სამი ნომინაცია მიიღო.

ერთ-ერთი მთავარი პრიზი - საუკეთესო რეჟისურა, თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს გადაეცა, ხოლო ნომინაციაში ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლია ჭიპაშვილი და როლანდ ხიჯაკაძე  დაჯილდოვდნენ.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ, რომლებმაც პირადად მიულოცეს დასს მნიშვნელოვანი წარმატება და მთავარი ნომინაციები.
იმერეთის თეატრალური ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის პრიზი გადაეცა ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის „ემიგრანტები“.

„თეატრალური იმერეთი-2019“ ის საზეიმო ღონისძიებას მსახიობები, ნიკა წულუკიძე და ინგა კაკიაშვილი უძღვებოდნენ.  
  ფესტივალის დახურვას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრალური დასები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

 

 

ნანახია: 6147 - ჯერ