კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjcgncv.jpg

ხარაგაულში უხუცესი აღმზრდელები გაიხსენეს

ემოციურად წარიმართა 7 მარტს უხუცეს აღმზრდელებთან შეხვედრა ხარაგაულის საბავშვო ბაღში.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხარაგაულში, დღეს, ის ღვაწლმოსილი აღმზრდელები გაიხსენეს, რომელთაც 40 წელზე მეტი ბავშვებისა და მომავალი თაობების აღზრდას შეალიეს.
გაერთიანების თანამშრომლების მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი, რომელიც 30-აინი წლებიდან მოყოლებული ხარაგაულის საბავშვო ბაღების ისტორიას ასახავდა, განსაკუთრებით საინტერესო და ამაღლვებელი აღმოჩნდა აღმზრდელებისთვის. 
მოწვეულ სტუმრებს დედის დღე და რვა მარტი მიულოცა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, ისტორიული მუზეუმის წარმომადგენელმა, ეკა შველიძემ, რომელმაც, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის, ნინო დიდიძის მიერ მოწოდებული მართლაც, უნიკალური ფოტო-მასალის ისტორია გააცნო აღმზრდელებს. 
უხუცესმა აღმზრდელებმა გაიხსენეს თავიანთი მოღვაწეობის პერიოდი, როგორ დაუკავშირდა მათი ცხოვრება საბავშვო ბაღს და ბავშვებს. მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, გახსენებისთვის და ამაგის დაფასებისთვის. 
#1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და საპატიო სტუმრებს თავიანთი ხელით დამზადებული ყვავილების კალათები გადასცეს.
ღვაწლმოსილ აღმზრდელებს მერიის კულტურის სამსახურის სახელით ფასიანი საჩუქრები და დამსახურების სიგელები გადაეცათ.

ნანახია: 4769 - ჯერ