ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/violence-against-women.jpg

რა იგეგმება ხარაგაულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქვეყანაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო.

ხარაგაულში კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობაზე, საზოგადოებისთვის გენდერული ძალადობის მიმართ ინფორმაციის მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.

მოგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულში, მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

2 დეკემბერი - ვიდეო რგოლის „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“  -  ჩვენება საჯარო მოხელეებისთვის;

3 დეკემბერი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია; წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი და ფორუმ-თეატრი. ღონისძიების მხარდამჭერია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“.

5 დეკემბერი - სამუშაო  შეხვედრა  სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან,  სოციალური მომსახურების სააგენტოსა  და პოლიციის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტი ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლიდან „ორნი“, რომელიც ოჯახში ძალადობის თემას ეხება.

6 დეკემბერი - ბავშვების თვალით დანახული ძალადობა - ბავშვები ხატავენ ძალადობის თემაზე.

10 დეკემბერი - მსვლელობა ქუჩაში -  „აიხილე თვალები“.

გაცნობებთ, რომ კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

 

ნანახია: 6851 - ჯერ