ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgcvhnxcv.JPG

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

10 ივნისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა   ხარაგაულის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ციბაძემ გახსნეს. თემურ ჩხეიძემ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზის მშენებლობის პროცესში და შემდეგაც მოსახლეობა ბევრ სიკეთეს მიიღებს.  

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გზების დაგეგმარების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პავლე გამყრელიძემ.  

ხაზი გაესვა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც დეპარტამენტის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა პატაშურმა ისაუბრა.

50 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხს შეეხო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი, ეკა ლალიაშვილი, რომელიც  ხარაგაულელ ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა.  

გენდერული თანასწორობის შესახებ საგზაო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა და გენდერზე პასუხისმგებელი პირმა,  ეკატერინე ფურცელაძემ და ხარაგაულის საკრებულოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კიკნაძემ ისაუბრეს.   

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეების მთავარი კითხვა  დაბის ცენტრალურ გზაზე მდებარე სკოლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეეხო. მათი აზრით, ახალი ინფრასტუქტურის მოწყობა ავტომობილების მოძრაობას დააჩქარებს, რაც, თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეთა თავისუფალ გადაადგილებას.

საკითხთან დაკავშირებით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზა დაბის ცენტრალურ ნაწილში გაივლის, თუმცა მოხდება საგზაო ნიშნების, ბარდიულებისა და სხვა დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა. შესაბამისად, ქვეითების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

ნანახია: 6534 - ჯერ