ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0110.JPG

ერთი დღით - მამაკაცები აღმზრდელებად

6 მარტს ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მისულ პატარებს აღმზრდელებად მამაკაცები დახვდნენ.  მათ საბავშვო ბაღის აღმზრდელის ფუნქცია შეითავსეს და დღის განმავლობაში, აღმზრდელის თანაშემწეებთან ერთად, წარმართეს აქტივობები.

 აქცია - „ერთი დღით მამაკაცები აღმზრდელებად“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშო ბაღში განხორციელდა.

 სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის განცხადებით აქცია - „ერთი დღით მამაკაცები აღმზრდელებად“ ერთგვარად იმ სტერეოტიპის მსხვრევის მცდელობაა, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებად მხოლოდ ქალები არ უნდა მუშაობდნენ.

აქციაში მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები და თანამშრომლები ჩაერთვნენ, N1 საბავშვო ბაღში  მამაკაცი აღმზრდელთა ფუნქციები შეითავსეს: თეიმურაზ ჩხეიძემ, დავით კიკნაძემ,  ალექსანდრე ტაბატაძემ, ზურაბ იჩქიტიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, დავით ჩადუნელმა ხოლო ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღში-ვალერი ჭიპაშვილმა და ოთარ ლურსმანაშვილმა.

,,მამაკაცმა აღმზრდელებმა“ აღნიშნეს, რომ, მათთვის ძალიან განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე იყო.

ზურაბ იჩქიტიძე: ,,აღმზრდელის პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც, რადგან პატარებთან გაქვს შეხება, ვფიქრობ კარგად უნდა იცნობდე თითოეულ ბავშვს, უნდა შეგეძლოს მათი აზრის გათვალისწინება, მათი მოსმენა , რა ჭირდებათ და რა უნდათ.  4-5 წლიანთა ჯგუფი შემხვდა,  მათ გაზაფხულზე და ბუნებაზე ვესაუბრე,  დიდი გულისყურით მისმენდნენ, კარგად გაერთნენ და მეც დადებითი ემოციებით ავივსე. დრო ძალიან ჩქარა გავიდა. ასეთ პროექტში დიდი სიამოვნებით მივიღებ კიდევ მონაწილეობას.“

ინგა ბერაძე - მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი

,,ძალიან საინტერესო სანახავი იყო მამაკაცები აღმზრდელებად, ზოგი ძალიან თავისუფლად მოერგო ამ საპასუხისმგებლო მისიას, ზოგს გაუჭირდა, მათ სულ სხვა თვალით შეაფასეს და გადააფასეს აღმზრდელის შრომა და სრულად გაითავისეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აღმზრდელობით საქმიანობას ახლავს თან . ამ აქტივობის მთავარი მისიაც სწორედ ეს იყო. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში საუბრობდნენ გენდერზე, გენდერულ თანასწორობაზე, მის მნიშვნელობასა და როლზე. ამ თემების გაცნობიერება პირველ რიგში სწორედ ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. ჩვენი გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის აღზრდა -განვითარების საქმეში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა. მადლობა მინდა ვუთხრა ბაღების გაერთიანების დირექტორს მამუკა ჭიპაშვილს დღევანდელი საინტერესო აქტივობისთვის, რომელიც პირდაპირ პასუხობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმით გაწერილ ამოცანებს. უახლოეს მომავალში, ჩვენ კვლავ გვექნება აქტივობები, რომელთა მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება. საბჭოს წევრები აქტიურად მუშაობენ იდეებზე, რომლებსაც გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად განახორციელებენ.“

აღნიშნული ღონისძიება „ერთი დღე მამაკაცები აღმზრდელებად“, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, სარვამარტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

 

ნანახია: 9144 - ჯერ