ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0211_1.JPG

ხარაგაულის საავადმყოფოში თვალის ოპერაციები ტარდება

ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება ადგილობრივებს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს.  მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, კლინიკაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები გაიკეთონ.  რამდენიმე  ოპერაცია პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად  უკვე  ჩაატარა, რომელმაც წარმატებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე  ჩაიარა. მომსახურების ხარისხით კი პაციენტები კმაყოფილი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ საშას ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამჟამად თბილისში სხვადასხვა წამყვან კლინიკებში საქმიანობს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1986 წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ოფთალმოლოგი; 1986-1988 წწ. გახლდათ რესპუბლიკური  ოფთალმოლოგიური ცენტრის  პროფესორი, განყოფილების გამგე; 1989 წლიდან კი აღნიშნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. იგი ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის - კატარაქტის, გლაუკომის, თვალის ტრავმატიზმის, ბადურის ჩამოშლის  პრობლემებზე.

,,-ერთი  წელია,  რაც  ხარაგაულში ჩამოვდივარ და ოპერაციებს ვაკეთებ.  მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია, რაც ნამდვილად მისასალმებელია.   კლინიკამ მოიპოვა  პაციენტების ნდობა.   იშვიათია,  ასეთი თბილი და მეგობრული  გარემო  სადმე შეგხვდეს,   მედპერსონალი   მოტივირებულია,  იმუშაოს   ხარისხიანად.  ძალიან  ბევრ  რეგიონში დავდივარ და  თამამად  შემიძლია ვთქვა, რომ  ხარაგაულის საავადმყოფო    თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. აქვე არ შემიძლია არ  ვისაუბრო  საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამაზე. ეს არის  უპრეცედენტო პროგრამა, რომელმაც ბევრ მოქალაქეს სიცოცხლე  აჩუქა“.-აღნიშნავს  ჩვენთან საუბარში    საშა ალექსიძე.

გიორგი ამურველაშვილი, რომელიც  ხარაგაულის კლინიკის დირექტორად  სულ  რამდენიმე ხანია, დაინიშნა, ამბობს, რომ  სამედიცინო დაწესებულებაში,  გარდა თვალის ოპერაციებისა, სხვა ოპერაციებიც კეთდება და მაქსიმალურად დაცულია პაციენტების უსაფრთხოება. მისივე ინფორმაციით,  კლინიკა  ადგილობრივებს  სრულ ამბულატორიულ გამოკვლევასა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.  ,,გვყავს საუკეთესო მედპერსონალი და  კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე  აპარატურით.  პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ   კარდიოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, პედიატრის   კონსულტაციები  და ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევები.   მალე ჩვენს გუნდს შემოუერთდება  ახალი რეანიმატოლოგი და კიდევ უფრო გამართულად იფუნქციონირებს  რეანიმაციული განყოფილება.  აქვე მოგახსენებთ, რომ   რეგიონული   ჯანდაცვის  ცენტრის დირექტორი  ნუგზარ ბოლქვაძე, მაქსიმალურად, მთელი შესაძლებლობით  ცდილობს, ხარაგაულის მოსახლეობამ  ადგილზე მიიღოს სრული სამედიცინო მომსახურება და  არ მოხდეს პაციენტების სხვა რაიონში გადინება.“ -განმარტავს ბ-ნ გიორგი.

შეგახსენებთ, რომ თვალის ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს  ის ფაქტიც, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ,  ისარგებლონ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით.  კერძოდ,მოქალაქეებს   დარჩენილი ხარჯის -50% ადგილობრივი ბიუჯეტიდან  უფინანსდება.

 

 

 

 

ნანახია: 8446 - ჯერ