სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0352.JPG

ხიდარი-საქარიქედის მინდვრებზე დოღის ჩატარება ტრადიციად მკვიდრდება

უკვე მეორე წელია, ხარაგაულში, კიცხისა და ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით დოღი ტარდება. საცხენოსნო სპორტში მოყვარულები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებიდან იღებენ მონაწილეობას. 

წელს, სოფელ ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, დოღის ფარგლებში, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას. 
საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი სხლითელმა ზაზა გურიელმა დაიკავა, მეორე ადგილზე, სოფელ კიცხის მკვიდრი ავთო ფოფხაძე გავიდა, მესამე ადგილი კი, ხიდრელმა ზურაბ ჩაჩანიძემ მოიპოვა.
დოღის დასასრულს, გაიმართა ღვინის კონკურსი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ახალგაზრდა გიორგი ლელაძის ღვინომ დაიმსახურა.
სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„კარგი იქნება თუ, ამ ზონაზე, შემოდგომის პირველ კვირაში, დოღის ჩატარება და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტცია ტრადიციად დამკვიდრდება. დროთა განმავლობაში ის სახელს გაითქვამს, სხვა დატვირთვებსაც შეიძენს და საერთო სახალხო დღესასწაულად გადიაქცევა“ - აღნიშნა ღონისძიებების დასასრულს ნიკოლოზ თოფურიძემ. 
ხარაგაულის მერმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა და დიდი მადლობა გადაუხადა როგორც ორგანიზატორებს ასევე, სოფლის მოსახლეობას.
კიცხის ზონაზე გამართული დღევანდელი ღონისძიებების მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.

ნანახია: 5865 - ჯერ