სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0285.JPG

მერიამ სტიქიის სალიკვიდაციოდ ბიუროს საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა

19 ივნისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე საკითხი მერიის საფინანსო-სამსახურის  უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით 7 და 13 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად  (ძლიერი წვიმები, წყალდიდობა) მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი ხარჯებიდან - 124 900 ლარი გამოიყოფა.

კერძოდ,  ზარალის დასაანგარიშებლად მომსახურეობის შესყიდვისთვის - 4 900 ლარი; ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციოდ  საჭირო საპროექტო სამუშაოების შესყიდვისათვის -120 000 ათასი ლარი.

აღნიშნული თანხის მოძიება შესაძლებელია 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  დაუგეგმავად შემოსული სანებართვო მოსაკრებლის ხარჯზე - 45 000 ათასი ლარით და  საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოყენებული  25,0 ათასი ლარით.

გარდა ამისა შესაძლებელია  მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურულ  პროგრამებში  ქვეპროგრამებს შორის ცვლილება,  კერძოდ,  შემცირდეს მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცი 40 000 ათასი ლარით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები 10 000 ათასი ლარით და 50,0 ათასი ლარი გადატანილი იქნას გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის  და მოვლა-შენახვის ხარჯებში.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს ასევე -100 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს, 11 ივნისის N1332 განკარგულებით, 2015-2017 წლებში სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელი ნაშთებიდან ჩაერიცხა.

ამავე განკარგულების საფუძველზე   -5 840 ლარით დაფინანსდა დაბა ხარაგაულში სანიაღვრე არხისა და 12 670 ლარით, სოფელ ქროლში არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები. (სულ 118 510 ლარი).

საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით N1283 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 5 789 ლარი გამოეყო,  პროგრამის  დაფინანსება, ამ ეტაპზე სულ 4 673 447 ლარი შეადგინა.

როგორც სხდომაზე,  ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ორ ინდმეწარმეს    შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს “  და ,,რეკონსტრუქცია XXI“ შეუწყდათ ხელშეკრულება და მათზე გაცემული ავანსები დაბრუნდა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.   შ.პ.ს ,,რეკონსტრუქცია XXI “ ავანსად ჩარიცხული თანხა შეადგენდა-401 439 ლარს  ( აქედან 391 699  ლარი სახელმწიფო ფონდების ნაშთიდან და 9740 საკუთარი სახსრების ნაშთიდან) ხოლო შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპზე “    ავანსად გადარიცხული თანხა -35 530  ლარს.

საკითხის განხილვის შემდეგ დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები-10 ათასი ლარი არ უნდა მოხმარდეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების მშენებლობას, რადგან თანხის მოძიება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც მოხერხდეს.

აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება განხილული იქნება 21 ივნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. 

 

 

ნანახია: 5019 - ჯერ