სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjfghnc_1.JPG

„ჩემი ლექსების აკიდო“ - ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ხარაგაულელი პოეტის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის - „ჩემი ლექსების აკიდო“ პრეზენტაცია გაიმართა.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ვიტალი ფცქიალაძის ბიოგრაფია და წიგნის გამოცემის ისტორია გააცნო: „ბატონ ვიტალის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. იგი წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქებში  არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, რის შემდეგაც დაუბრუნდა მშობლიურ ჭარტალს და როგორც ვფიქრობ სწორედ მაშინ დაიწყო ლექსების წერა. ძალიან საინტერესოა მისი ლექსების კრებული, საოცარი მიგნებები აქვს“ - აღნიშნა  ღონისძიებაზე ირინე ჩხეიძემ, რომელიც სპეციალურად მისი ლექსების კრებულის პრეზენტაციას  მიეძღვნა.

2017 წელს ხარაგაულში გამართულ ფოლკლორის საღამოზე, სადაც ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იმყოფებოდა, გადაწყდა გამოცემულიყო  ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებული, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა და პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

პოეზიის საღამოზე სახალხო მთქმელის ლექსები წაიკითხეს და მასთან დაკავშირებულიო მოგონებები გაიხსენეს იზა ვეფხვაძემ, მერი გიორგიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვალერი გოგნაძემ, ნიკო წიკლაურმა, დავით ჩადუნელმა და ვასილ კიკნაძემ.

ვიტალი ფცქიალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ქალბატონ ეთერ თათარაიძეს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს და დამსწრე საზოგადოებას მისი პოეზიით დაინტერესებისა და დაფასებისთვის.

ნანახია: 2635 - ჯერ