სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/58381085_2352842034962956_6014941311084265472_n.jpg

ხარაგაულში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია

ხანგრძლივი წვიმების შედეგად გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.
წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა შეზღუდა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. 

ამ დროისთვის, გზა აღდგენილია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს.
გაწმენდილია, ასევე, მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა.

შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც სანიაღვრე არხების გადავსებამ გზების დატბორვა გამოიწვია. გუშინვე გაიწმინდა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალი გზაც, რომელიც ასევე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა.   

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია. „გუშინ რამდენიმე სოფელში შეიქმნა პრობლემა, ძირითადად სანიაღვრე არხებმა არ გაატარა მოვარდნილი წყალი და გზები დაიტბორა. დაუყოვნებლივ ხდებოდა შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. გვიან ღამითვე აღდგა ვანი-სხლითის დამაკვშირებელი გზა, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე საათი მოძრაობა შეაფერხა. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიაში შექმნილი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  ამჟამად ხარაგაულში ნალექი შეწყვეტილია, თუმცა უამინდობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება“ - განაცხადა არჩილ მაღრაძემ.

ნანახია: 5563 - ჯერ