სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0032.JPG

ხარაგაულის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, 4 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი  შესრულდა. როგორც მან განაცხადა გასული წლის  დამტკიცებული ბიუჯეტი 6 889,4 ათასი ლარით განისაზღვრებოდა, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად კი, შემოსულობები 6 711,8 ათასი ლარით გაიზარდა და თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 13 601,2 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა შესაბამისი დასკვნები წარმოადგინეს. საკითხის ირგვლივ თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს ასევე, დეპუტატებმაც.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გეგმა ვერ შესრულდა, ისევე როგორც ვერ შესრულდა შემოსავლები პრივატიზაციიდან.

სხდომაზე  აუთვისებელ თანხებსა და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტბზე ისაუბრეს საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გივი თავზარაშვილმა.

დავით კიკნაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა 2018 წელს  განხორციელებულ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციამ შედეგი ვერ დადო. ფარქციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ კინოთეატრისა და N3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.  ასევე განაცხადა, რომ კინოთეატრში ისევე, როგორც სპორტულ დარბაზში, ელექტროენერგიის ეკონომიის გამო გათბობა გამორთულია. დეპუტატის აზრით, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებმა, პირველ რიგში აუცილებელი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ, მითუმეტეს როდესაც ეს ბავშვებს ეხებათ და მათ ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეკონომიის გაკეთება.

ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“თავმჯდომარის, იუზა კელენჯერიძისა და გივი თავაზარაშვილის განცხადებით, მევენახეობის განვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია და ამ სფეროს განვითარებისათვის მცირედი დაფინასება მაინც უნდა გაიცემოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მათი თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2019 წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული.

სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დახმარებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს, დეპუტატების განცხადებით, ერთჯერად დახმარებები გასულ წელს საერთოდ არ გაცემულა, ხოლო  მიმდინარე წელს ბიუჯეტში ამისთვის მცირე თანხაა გათვალისწინებული.

ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი სოციალურ მიმართულებებზე იმ 45 ათასი ლარის დამატებას მოითხოვს, რომელზეც დეპუტატებმა უარი უთხრეს მერს ავტომობილის შესაძენად.

საბოლოოდ დეპუტატებმა საკითხი დადებითად შეაფასეს.

სხდომაზე შემდეგ საკითხად საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. ვლადიმერ გალაშვილის განმარტებით საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25  თებერვლის, N331  განკარგულებით, 2019  წელს   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, დამატებით,  530,0 ათასი ლარი გამოეყო.  მისივე განცახდებით საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების  დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მეორე ეტაპზე 210 000  ლარი გამოეყო, სულ ამ მიმართულებით დაფინანსებამ 410 000 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  მეორე ეტაპზე 430 000  ლარით დაფინანსდა და  სოფლის პროექტებზე საერთო ჯამში - 860 000 ლარი გაიხარჯება.

დეპუტატები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დამატებით, 530 ათასი ლარის  გამოყოფის საკითხს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებზე თანხები არათანაბრადაა გადანაწილებული. ზოგან მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ზოგან კი-არცერთი თეთრი.

დეპუტატთა  გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით გაიმართება იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

საბოლოოდ, დეპუტატებმა  საბიუჯეტო ცვლილება დადებითად შეაფასეს.

 

ნანახია: 5271 - ჯერ