სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/112.jpg

ბიუროს სხდომაზე სოციალურ პროგრამებზე იმსჯელეს

 დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პირველი საკითხი მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით  ქუთაისში ა(ა)იპ „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაცია“უნდა დაფუძნდეს, რომელშიც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება გაერთიანებული.  კახაბერ გოლუბიანის განცხადებით ზემოთ აღნიშნულ ა(ა)იპ-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეყოლება ერთი მუდმივი წევრი, რომელიც იმუშავებს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის გაზრდის საკითხებზე.

ბიუროს წევრები დაინტერესდნენ საწევროზე წელიწადში რა თანხა იქნება გადასახადი და როგორ შეირჩევა ა(ა)იპის მუდმივი წევრი.

 კახაბერ გოლუბიანის განმარტებით ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა თანხა იქნება საწევროზე გადასახადი , თუმცა წინასწარი ვარაუდით თანხა 9 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იქნება. მისივე განცხადებით თუ ვინ დაინიშნება ა(ა)იპ-ის მუდმივი წევრის თანამდებობაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინაიდან  წევრის წარდგენის უფლება აქვს როგორც მერიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას ან კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ფრაქცია თვითმმართველობა ხალხისთვის თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ დაინიშნება ა(ა)იპ-ში, რადგან მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და საჭიროა ეს თანამდებობა აქტიურმა ადამიანმა დაიკავოს, რათა ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე იზრუნოს.

სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარმოადგინა საკითხი სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 63.84 კვმ ფართის „მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო-უზუფრუქტის წესით 3 წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის წარდგენა გვიანია და ამაზე ადრე უნდა ეზრუნა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, ვინაიდან „მზაობის ჯგუფი“ 5 თვეა რაც სარგვეშის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

ჯაბა ბერაძის განმარტებით 2018 წლის 28 სექტემბერს აღნიშნული ფართი გადმოეცა მერიას.

სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი. ცვლილებასთან  დაკავშირებით ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარადგინა.

ნანა კიკნაძის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებულ პაციენტებზე მედიკამენტების შესაძენად მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა და ამ მედიკამენტების შეძენა მუნიციპალიტეტის სოციალური  პროგრამებიდან ამოღებულია.

მისივე განცხადებით სოციალურ პროგრამებს დაემატა განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათ თვეში 30 ლარის ოდენობით დაეხმარება მუნიციპალიტეტის მერია.

ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე მსჯელობა საკრებულოს  კომისიებში გაგრძელდება,  ხოლო  საბოლოო გადაწყვეტილება 4 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

 

 

 

ნანახია: 3769 - ჯერ