სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/kjajkakask.jpg

,,ერთად ვიზრუნოთ გარემოზე,,

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პროექტის - „ერთად ვიზრუნოთ პლანეტაზე“ კოორდინატორს საქართველოში, ცისანა ჭიპაშვილსა და ეკობანაკის მონაწილეებს შეხვდა.

ცისანა ჭიპაშვილმა სოფელ ისლარში, საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებით, ეკობანაკი გააკეთა, სადაც ხარაგაულელი ახალგაზრდები არიან გაერთიანებულები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები, 6 დღის განმავლობაში, ისლარის ეკობანაკში ისვენებენ, უტარდებათ გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები და სწავლობენ  სოფლის  ეკოლოგიურ პრობლემებს. პროექტის დასასრულს დაგეგმილია ექსკურსია ფოთში, სადაც ორგანიზაციას - „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ დანერგილი აქვს ბიო სისტემა და მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ ისლარის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად კანალიზაციის არარსებობა და მდ. ჯიხველას დაბინძურება აწუხებს. როგორც ცისანა ჭიპაშვილი აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი შესაბამისი სანქციების დაწესება და გარემოს დაცვის მიზნით ცნობიერების ამაღლების საჭიროებაა.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მსგავსი პრობლემა დგას მთელი ხარაგაულის მოსახლეობის წინაშე. „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ფიქრობთ, მუშაობთ და ზრუნავთ გარემოს დაცვაზე. ძალიან მძიმე მდგომარება გვაქვს ამ მიმართულებით. დაბა ხარაგაულში გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შესაბამის უწყებებთან და გვაქვს დაპირება, რომ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში კანალიზაციის სისტემა მოწესრიგდება“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

პროექტი „იზრუნე პლანეტაზე“ ევროპის ქვეყნების მასშტაბით იმართება და მასში  საქართველოც მონაწილეობს. 2018 წელს პროექტის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა  პორტუგალიაში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა საზოგადოებისთვის  ღია წერილი შეადგინეს. წერილში ახალგაზრდები საზოგადოებას გარემოს დაცვასა და გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

იხ. ღია წერილი

 

 

ნანახია: 5517 - ჯერ