მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა
ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან , და საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძესთან ერთად, მოლითი–ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 25-კილომეტრიან, მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ამ ეტაპზე დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მხოლოდ 700-მეტრიან მონაკვეთზე, ასევე, მგზავრთა მოსაცდელის, უსაფრთხოების ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის დახაზვა.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, 13 ახალი ხიდის, 109 წყალგამტარი მილის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას.
მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ნაწილია. გზის პირველი, ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულებულია.
აღნიშნული საავტომობილო გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ასევე, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კავშირი ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან.
მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 105.6 მილიონი ლარია.