სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/hhfg12.jpg

მუნიციპალიტეტის მერმა,კობა ლურსმანაშვილმა,მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში 149 პროექტი განხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 890 000 ლარს შეადგენს, ხოლო მერის გადაწყვეტილებით, დამატებით 331 293 ლარის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებიც. მუნიციპალიტეტის 36 სოფელში მიმდინარეობს ახალი გზების მოწყობისა და არსებული გზების რეაბილიტაციის პროექტები. პარალელურად, გრძელდება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი — 39 პროექტიდან 37 უკვე დასრულებულია, 2 პროექტზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2026. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე უკვე 2 614 ხმაა დაფიქსირებული. მოქალაქეებს საკუთარი რჩეული პროექტის მხარდაჭერა ონლაინ, 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ხარაგაულის მერმა აღნიშნა , ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი არჩევანი განსაზღვრავს, რომელი პროექტები დაფინანსდება.

მერმა ასევე ისაუბრა ხარაგაულობის დღესასწაულთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების ფორმატი და ზოგადი ხედვები, რომლებიც დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და სოციალური მიმართულების საკითხებსაც. მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოციალური საჭიროებების მქონე და პრობლემურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და უზრუნველყონ მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია.

 

 

ნანახია: 24 - ჯერ