ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2026 წელს გაზრდილი ბიუჯეტითა და მკაფიო პრიორიტეტებით ხვდება. ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ახალგაზრდობა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება. რა მოცულობისაა მომავალი წლის ბიუჯეტი, როგორ ივსება მუნიციპალიტეტის შემოსავლები, რომელი პროექტები გაგრძელდება და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მოქალაქეები – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გვესაუბრება.
როგორ მიმდინარეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესი და რა უწყებები იყვნენ ჩართული მის შემუშავებაში?
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა სისტემურად და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე. ბიუჯეტის პროექტის ინიციატორი იყო მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომლის უშუალო კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით პროცესში ჩართული იყო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო შესაბამისი დადგენილებების მომზადებაზე.
აქტიური თანამშრომლობა შედგა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი პროგრამები, პროექტები და მოსაზრებები, რაც უზრუნველყოფდა ბიუჯეტის მაქსიმალურ შესაბამისობას მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებთან. პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა საბიუჯეტო სახსრები ეფექტიანად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით განკარგულიყო.
შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერის კობა ლურსმანაშვილის უშუალო კოორდინაციით, ბიუჯეტის პროექტის მომზადების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა — მათ შორის განხილვები და ვადების დაცვა — ბიუჯეტი დროულად და სრულყოფილად წარედგინა საკრებულოს, სადაც იგი წარმატებით იქნა განხილული.
ბატონო ვარლამ, რა არის 2026 წლის ბიუჯეტის მთავარი ფინანსური პარამეტრები ?
— 2026 წლის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 24 მილიონ 704 ათას ლარს შეადგენს. ეს არის ის რესურსი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტი წლის დასაწყისში გეგმავს პროექტების, პროგრამებისა და პრიორიტეტების დაფინანსებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული ის დამატებითი სახსრები, რომლებიც საბიუჯეტო წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო თუ მიზნობრივი ფონდებიდან დაგვემატება.
რა იქნება მუნიციპალიტეტის შემოსავლის ძირითადი წყაროები?
— შემოსავლის ძირითადი წყაროები კვლავ რჩება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, საკუთარი შემოსავლები და მიზნობრივი ტრანსფერები. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, საკუთარი შემოსავლების ზრდა, მეორე მხრივ კი – სახელმწიფო მხარდაჭერის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტი მზარდია. 2026 წელს რა ტენდენციას ვხედავთ?
— ნამდვილად ასეა. 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, შემოსავლები მინიმუმ 13.3 პროცენტით იზრდება. რაც შეეხება დაფინანსებებს, აქ ზრდა კიდევ უფრო მაღალია – 19.8 პროცენტი, რაც თანხობრივად 4 მილიონ 16 ათას 400 ლარს შეადგენს. ეს ზრდა საწყის ეტაპზეა გათვალისწინებული და წლის განმავლობაში დამატებით მიღებული ფონდებით კიდევ გაიზრდება.
ინფრასტრუქტურა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. რა მიმართულებებზე დაიხარჯება ძირითადი თანხები?
— ინფრასტრუქტურა ნამდვილად წამყვანი პრიორიტეტია. 2026 წელს ამ მიმართულებით დაფინანსება 26.9 პროცენტით იზრდება. ძირითადი აქცენტები კეთდება: საგზაო ინფრასტრუქტურაზე; სასმელი წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე; გარე განათების არსებული ქსელების მოვლა-პატრონობასა და ახალი ქსელების მოწყობაზე; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, სადაც 250 ათასი ლარის თანადაფინანსებაა განსაზღვრული. ასევე იგეგმება სოფლებში მოედნების, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა და საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესება.
გზების მიმართულებით რა ახალი პროექტები დაიწყება და რომლები გაგრძელდება?
— გაგრძელდება როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე ახალი გზების მშენებლობა. პარალელურად განხორციელდება გზების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები საკრებულოს ჩართულობით განისაზღვრება. დაფინანსება იქნება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე ცენტრალური მთავრობის მხრიდან.
მუნიციპალური ტრანსპორტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა. რა ცვლილებებს ელოდებით 2026 წელს?
— მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამამ ნამდვილად გაამართლა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოქალაქეთა გადაადგილება. 2026 წელს. გაგრძელდება არსებული მარშრუტები. დაემატება ახალი მუნიციპალური ხაზები ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით; პროგრამის დაფინანსება 25 პროცენტით იზრდება – 160 ათასიდან 200 ათას ლარამდე. ახალი გზა ამ მონაკვეთზე საშუალებას გვაძლევს, დამატებითი ხაზები ეფექტიანად ავამუშაოთ.
როგორ შეფასდება 2025 წლის ბიუჯეტის შესრულება?
— 2025 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა საკუთარი შემოსავლების ნაწილში. განსაკუთრებით ქონების გადასახადისა და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, მუნიციპალიტეტმა აიღოს ახალი ვალდებულებები, დააფინანსოს დამატებითი პროექტები და პროგრამები.
სოციალური პროგრამებიდან რომელზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა?
— მუნიციპალიტეტში მოქმედებს 22 სოციალური პროგრამა და მოთხოვნა თითქმის ყველა მათგანზე იზრდება. 2025 წელს განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობა დაფიქსირდა: ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე; სამედიცინო პროგრამებზე, მათ შორის კვლევებისა და ოპერაციების დაფინანსებაზე. ასევე აღსანიშნავია ბავშვთა მიმართულება, სადაც დაფინანსება 50 ათასი ლარით გაიზარდა.
რა ახალი სოციალური ინიციატივები დაემატება 2026 წლის ბიუჯეტს?
— ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის პროგრამა, რომელიც მერქნით სარგებლობის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. ასევე გაიზარდა სარეზერვო ფონდი, რომელიც ძირითადად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებსა და სტიქიის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებას მოხმარდება.
მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით რა მექანიზმები მუშაობს?
— კვლავ გაგრძელდება მონაწილეობითი ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 2026 წელს 300 ათასი ლარია. ეს პროგრამა ძალიან ეფექტიანია – ყოველწლიურად იზრდება მოქალაქეთა ჩართულობა, რაც ნდობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. სწორედ გამჭვირვალობისა და ჩართულობის გამო მუნიციპალიტეტმა 2024–2025 წლებში გრანტები მიიღო – 450 და 300 ათასი ლარის ოდენობით.
ბატონო ვარლამ, თუ ბიუჯეტს მთლიანობაში შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით ზრდაა. რას ნიშნავს ეს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის?
— დიახ, თუ 2026 წლის ბიუჯეტს დეტალურად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველა მიმართულებით დაფიქსირებულია ზრდა, რაც ციფრებსა და პროცენტებში მკაფიოდ არის გამოხატული. ჩვენ არ დაგვიტოვებია არც ერთი სფერო ყურადღების მიღმა. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი განვითარების პროცესშია და 2026 წელს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება გამოხატული მოქალაქეების მიმართ.
ზრდადი ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ მეტი პროექტი, გავაფართოოთ პროგრამები და მოქალაქეებმა კიდევ უფრო მეტად იგრძნონ მერიიდან თანადგომა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რჩება გზების კეთილმოწყობა და მშენებლობა — ეს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და ჩვენი მიზანია, გზა მივიდეს ყველა სოფელში. ამ მიმართულებით დაფინანსება უზრუნველყოფილია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით.
ბოლოს, რას ველოდებით 2026 წლის ახალი ბიუჯეტისგან და რა არის მისი მთავარი დანიშნულება?
— თავიდან ბოლომდე ეს ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეთა საჭიროებებზე. ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქალაქეთა მომართვიანობას და რეალურ მოთხოვნებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საჭიროება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოციალური პროგრამებით სარგებლობაზე მოდის, ამიტომ სწორედ ამ მიმართულებებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტები კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი სწორად პასუხობს მოქალაქეთა დაკვეთას და რეალურად ასახავს მათ მოთხოვნებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ შემოსავლების მხრივ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ადრე აღებული ვალდებულებები შეასრულოს, არამედ აიღოს ახალი ვალდებულებები, დააფინანსოს ახალი პროექტები და პროგრამები.
ჩვენი მთავარი მიზანია, მიღებული შედეგი იყოს მაქსიმალურად ხელშესახები მოსახლეობისთვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიუჯეტის ზრდაში — ეს ზრდის დაფინანსებებს, ხოლო გაზრდილი დაფინანსებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების სასარგებლოდ.
ესაუბრა ინგა ბერაძე