სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/493954314_1078378001002255_1039094035309567674_n.jpg

ხარაგაულის მერის - კობა ლურსმანაშვილის თავმჯდომარეობით, ა.თ.ე.ა-ს სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა, სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები დაიწყო

ხარაგაულის მერის - კობა ლურსმანაშვილის თავმჯდომარეობით, ა.თ.ე.ა-ს სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა, მუნიციპალიტეტების საჭიროებების გადასაჭრელად, სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბუნებრივი რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ უწყებებთან – სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარესთან – დავით ნარმანიასთან.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი  კომიტეტების წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების განხილვა და სამართლებრივი ცვლილებების შესაძლებლობებზე მსჯელობა.

კომიტეტის მიერ წარდგენილი საკითხები შეეხებოდა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებულ რეგულაციებს, რომლებიც, შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში ქმნის დაბრკოლებებს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი რესურსების ეფექტიანად მართვის პროცესში.

გარემოს დაცვის საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგულაციების გაუმჯობესების შესახებ, რაც მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად მუშაობაში დაეხმარება.

როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი გააგრძელებს სამუშაო შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე  სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დაგროვილი გამოცდილებისა და ხედვების სამართლებრივ ჩარჩოში ინტეგრირებას.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ათეა-ს კომიტეტის ფორმატი და გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ სამართლებრივი მექანიზმების დახვეწასა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების განხილვა და სამართლებრივი ცვლილებების შესაძლებლობებზე მსჯელობა.

ნანახია: 124 - ჯერ